ეკონომიკაიტალია

იტალიაში პენსიაზე გასვლის „კვოტას“ ერთ წელს უმატებენ – რას ნიშნავს „კვოტა 103“ და რატომ „შუალედური“?

იტალიის ახალმა მთავრობამ, პრაქტიკულად, მიაღწია შეთანხმებას საპენსიო რეფორმის დროებით ვარიანტთან – ე. წ. „კვოტა 103“-თან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მოქმედ „კვოტა 102“-ს შეცვლის. ეს ცვლილება ქვეყნის ბიუჯეტის კანონში აისახება, რომლის განხილვასაც იტალიის მთავრობა პალაცო კიჯიში დღეს აპირებს, ადგილობრივი დროით 20:30 სთ-ზე. 

იტალიის შრომის მინისტრის მოადგილემ კლაუდიო დურიგონმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ საპენსიო ცვლილებას „შუალედური კვოტა“ უწოდა. საქმე ისაა, რომ 2023 წელს ქვეყნის ხელისუფლება პროფკავშირებთან ერთად აპირებს, საპენსიო რეფორმის მუდმივი ვარიანტი მიიღოს.

„კვოტა 103“-ის დამტკიცების შემთხვევაში იტალიელებს შესაძლებლობა ექნებათ 62 წლის ასაკში გავიდნენ პენსიაში იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სტაჟის (შესაბამისად, საგადასახადო შენატანები) ხანგრძლივობა მინიმუმ 41 წელი იქნება.

2011 წელს ლიბერალების ინიციატივით იტალიაში საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაიზარდა. 2019 წლიდან რეფორმის ეს ვარიანტი გაუქმდა სალვინის „ლიგის“ ინიციატივით და კვოტა 100 (38+62) შემოვიდა. იქიდან მოყოლებული კანონში ცვლილებები ყოველწლიურად ხდება. ამჟამად მოქმედებს „კვოტა 102“, რაც ნიშნავს, რომ პენსიაზე გასასვლელად სამუშაო სტაჟის და ასაკის ჯამი 102 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close