უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დღეს ხერსონში ჩავიდა.
პირველად Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხერსონში სამხედროებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხვდებოდა, მაშინ როდესაც უკრაინული მედია ამაზე დუმდა. Reuters-ის ინფორმაციით, ცნობა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
მოგვიანებით გათავისუფლებულ ხერსონში გადაღებული ზელენსკის ფოტო უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც გაავრცელა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვაზე, როგორ აფასებს ხერსონში ზელენსკის ჩასვლას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: „ჩვენ ამას უკომენტაროდ ვტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა…“
ამ შემოდგომაზე რუსეთმა ხერსონის ოლქის და უკრაინის კიდევ 3 რეგიონის ანექსიის შესახებ განაცხადა, უკრაინის არმიამ კი, თავის მხრივ, ხერსონზე შეტევა დაიწყო. გასულ კვირაში რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან ჯარები გაჰყავდათ. ამასთან, კრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ქალაქი ხერსონი და ხერსონის ოლქი რუსეთის ნაწილია.
ზელენსკიმ გათავისუფლებულ ხერსონში ყოფნისას მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს დახმარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში. „ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის. მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.
ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
В Херсоне состоялась церемония поднятия флага Украины. pic.twitter.com/7X9NUMM2NX
— bbcrussian (@bbcrussian) November 14, 2022
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების ოპერაციის წარმატებას უკრაინის არმიის მიერ HIMARS-ის სისტემების გამოყენებას უკავშირებს, რომლებიც ქვეყანას აშშ-მა გაუგზავნა. ეს მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემები უკრაინულმა მხარემ რუსული არმიის მომარაგების ხაზის მოსაშლელად გამოიყენა, რამაც საბოლოო ჯამში რუსეთის საჯარისო ნაწილების მეთაურობა იძულებული გახადა, ათიათასობით ჯარისკაცი დნეპრის მეორე მხარეს გადაეყვანა.
გუშინ საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა მიიღეს ცნობები 400-ზე მეტი სამხედრო დანაშაულის შესახებ ხერსონის იმ რაიონებში, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს. BBC წერს, რომ ვერ შეძლო ოპერატიულად შეემოწმებინა ეს ინფორმაცია, მოსკოვი კი უარყოფს მისი ჯარების დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები