77 წლის კაცი, რომელიც „მიგრაციულ ხაფანგში“ მოყვა და პარიზის აეროპორტში 18 წელი იცხოვრა, გარდაიცვალა
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში გარდაიცვალა „სერ ალფრედ მეჰრანად“ წოდებული მამაკაცი – მერჰან კარიმი ნასერი, რომელიც აეროპორტში 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მერჰან კარიმის ისტორია გახდა 2004 წელს სტივენ სპილბერგის ფილმის, „The Terminal“-ის შთაგონების წყარო, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს.
აეროპორტის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ნასერი შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალ 2F-ში 12 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ირანელი მამაკაცი იქ 1988 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე ცხოვრობდა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში ისევ დაბრუნდა და კვლავ იმავე ტერმინალში დასახლდა.
თავის დროზე მეჰრან ნასერი ირანიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გააძევეს. გაეროს კომისიის გადაწყვეტილებით მას „პოლიტიკური დევნილის“ სტატუსი მიენიჭა და ნასერი ბელგიიდან საცხოვრებლად ლონდონში გაემგზავრა, მაგრამ სანამ იქამდე ჩააღწევდა, პარიზში დოკუმენტები მოჰპარეს, ამიტომაც ლონდონიდან ისევ პარიზში დააბრუნეს.
ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის მრავალი ბიუროკრატიული კანონის ურთიერთგადახლართვის გამო იგი მიგრაციულ ხაფანგში აღმოჩნდა და საბოლოოდ პარიზის საერთაშორისო აეროპორტში „დასახლდა“. მას სხვაგან წასასვლელად არც პასპორტი გააჩნდა და არც ფული, ხოლო იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგალურად იყო ჩასული, საფრანგეთის მთავრობას მისი გაძევების უფლება არ ჰქონდა.
ნასერი ტერმინალ 2F-ში რამდენიმე სავარძელზე განთავსდა და დღეებს კითხვასა და დღიურის წერაში ატარებდა. სპილბერგის ფილმის გამოსვლის შემდეგ იგი პოპულარული გახდა და ძალიან ხშირად აძლევდა ინტერვიუს მედიასაშუალებებს.
რაღაც პერიოდში საფრანგეთის ხელისუფლებამ მას საფრანგეთში საცხოვრებლად შესვლა შესთავაზა, მაგრამ ნასერიმ წინადადება უარყო, რადგან სურდა, პირველ დანიშნულების ადგილზე – ინგლისში ჩასულიყო.
შემოსავლის წყარო ირანელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რეპორტიორებმა მისი ამბავი მთელ ქვეყანას მოსდეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ნასერთან ცნობილი ჟურნალისტები, რათა მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აეღოთ. მგზავრებიც დიდი სიამოვნებით იღებდნენ მასთან ერთად ფოტოებს. მალე მის სახელზე ფულადმა გადარიცხვებმაც დაიწყო მოსვლა. ნასერიმ შემოსავალი სპილბერგის ფილმიდანაც მიიღო.
საფრანგეთმა ნასერის დევნილის სტატუსი 1999 წელს მიანიჭა, თუმცა იგი აეროპორტში კიდევ 7 წელი ცხოვრობდა, 2006 წლამდე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2006 წელს ირანელი დევნილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ იგი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში – რუასიში ცხოვრობდა 16 წელი, ბოლოს – ხანდაზმულთა სახლში, საიდანაც გასულ სექტემბერში აეროპორტში დაბრუნდა და ისევ ტერმინალ F2-ში დასახლდა.
აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვალების შემდეგ მის პირად ნივთებში რამდენიმე ათასი ევრო იპოვეს.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე:
კომენტარები