სტამბოლის ტურისტულ უბანში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 81 დაშავდა.
ქუჩაზე უამრავი მაღაზია და რესტორანია განთავსებული, ამიტომ მუდამ ხალხმრავლობაა. აფეთქება ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ თურქეთის შესაბამისი სამსახურები „მუშაობენ ამ საზიზღარ თავდასხმაში დამნაშავეების მოსაძებნად“…
თურქულ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქდა დატოვებული ჩანთა, მოგვიანებით კი თვითმკვლელმა ტერორისტის ვერსია გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სავარაუდო დამნაშავის ფოტოც – ის ქალია.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ ეს ვერსია დაადასტურა: „მიგვაჩნია, რომ დამნაშავე ქალია. ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან, თურქეთის ფარგლებში თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ჩვენ მათ მოვძებნით. ამ ადამიანებს თურქეთში ჩამოვიყვანთ, ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან და დაისჯებიან“, – განაცხადა ფუათ ოქტაიმ.
მისივე თქმით, ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი – საავადმყოფოში. 81 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე თურქეთის გენპროკურატურის 14 გამომძიებელი, აგრეთვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მუშაობენ.
სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც აფეთქების მომენტი ჩანს.
ისტიკლალზე 2016 წელსაც მოხდა აფეთქება, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მაშინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ბოლოს მასშტაბური ტერაქტი სტამბოლში 2017 წლის პირველი იანვრის ღამეს მოხდა, როდესაც „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბში შეიჭრა და სროლა ატეხა. ტერაქტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში კვირას, 13 ნოემბერს მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები