მსოფლიოსაზოგადოება

პრინცესა და შამანი – ვინ არის პრინცესა, რომელმაც სიყვარულის სანაცვლოდ სამეფო პრივილეგიები დათმო

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონიას უფროსმა ქალიშვილმა, პრინცესა მართა ლუიზა სამეფო მოვალეობებსა და პრივილეგიებზე უარი განაცხადა, თუმცა ტიტულს მაინც შეინარჩუნებს. პრინცესას თქმით, მან ეს ნაბიჯი ნორვეგიის სამეფო ოჯახის  ქვეშევრდომების სიმშვიდისთვის გადადგა.

ნორვეგიაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა პრინცესას სასიყვარულო ურთიერთობას 47 წლის  აფროამერიკელ დიურეკ ვერეტთან, რომელიც თავის თავს „მეექვსე თაობის შამანს“ უწოდებს. 

მისი მტკიცებით, ის მკვდრეთითაა აღმდგარი და აშშ-ის 11 სექტემბრის ტრაგედია 2 წლით ადრე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.

წყვილის ურთიერთობის შესახებ 2019 წელს გახდა ცნობილი. თუმცა 51 წლის პრინცესას ჰოლივუდის სულიერ გურუსთან – ვერეტთან ურთიერთობამ ნორვეგიაში განსაკუთრებული ვნებათაღელვა მას შემდეგ გამოიწვია, რაც „მეექვსე თაობის შამანმა“ ვერეტმა თავის წიგნში გამოთქვა მოსაზრება, რომ კიბო ადამიანის არჩევანია.

ის თავის ვებგვერდზე ყიდის მედალიონსაც, სახელწოდებით „სულის ოპტიმიზატორი“, რომელიც, მისი თქმით, მას კოვიდის დაძლევაში დაეხმარა.

თავის საქმროსთან ერთად ალტერნატიული მედიცინის ბიზნესში ჩართვას პრინცესაც აპირებს  და  „პრინცესულ სამსახურზე“ უარის თქმით  „მკაფიო გამყოფ ხაზს ავლებს ბიზნეს საქმიანობასა და სამეფო ოჯახს შორის“, – ნათქვამია ნორვეგიის სამეფო სახლის განცხადებაში.

პრესაში მართა და დიურეკი უკვე შეადარეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს, პრინც ჰარის და მეგან მარკლს, რომლებმაც ასევე გადაწყვიტეს უარი ეთქვათ სამეფო ოჯახის ყველა პრივილეგიაზე.

მართასთვის ეს ქორწინება მეორე იქნება. ადრე ის იყო დაქორწინებული მწერალ არი ბენზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

ისინი 2016 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ნორვეგიის სამეფო ოჯახში პირველი განქორწინება იყო.

პრინცესას ყოფილმა ქმარმა არი ბენმა განქორწინებიდან სამი წლის შემდეგ თავი მოიკლა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close