მსოფლიოპოლიტიკა

„კარგი დღე დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის“ – ასე აფასებს ჯო ბაიდენი არჩევნების შედეგებს

წინასწარი მონაცემებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ, თუმცა, სავარაუდოდ, სენატში შეინარჩუნებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის „კარგი დღე“ უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებს. 

9 ნოემბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია გამოცდის წინაშე იყო, თუმცა ამერიკელმა ხალხმა  არჩევნებზე ხმის მიცემით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „დემოკრატია არის – ვინც ვართ ჩვენ“ (that democracy is who we are)”.

ჯო ბაიდენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში  ყველაზე ოპტიმისტურ შედეგებზე უკეთესი მაჩვენებლები დააფიქსირეს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მედია და ექსპერტები „გიგანტურ წითელ ტალღას“ პროგნოზირებდნენ, რაც არ მოხდა – მან ამით საყვედური გამოთქვა მედიისა და ექსპერტების მიმართ, რადგან მათ ბოლო კვირებში ეჭვი ეპარებოდათ მის შესაძლებლობებში და ვარაუდობდნენ, რომ რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებდნენ.

8 ნოემბერს ამერიკელებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ, თუმცა, სავარაუდოდ, სენატში შეინარჩუნებენ.

ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან ერთად იმუშაოს ქვეყნის მომავლისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება ორივე პარტიის ერთიანი ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს, აგრეთვე, განუცხადა, რომ აპირებს, მეორე ვადით იყაროს კენჭო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და გადაწყვეტილების მიღების დრო ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რას აკეთებს მისი წინამორბედი – დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი – ეს იქნება მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მოქმედი პრეზიდენტი – დემოკრატიული პარტიის წევრი ჯო ბაიდენი (ჯოზეფ რობინეტ „ჯო“ ბაიდენი უმცროსი) აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია. მას რამდენიმე დღეში – 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close