მოგზაურობაპოლიტიკა

შენგენის ზონაში არ მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, არ მიიღონ საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტები (პასპორტები) არ მიიღება ვიზის ასაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ. ასევე რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა ცნო, ნათქვამია დოკუმენტში.

„უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – აცხადებს ვიტ რაკუშანი, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ევროკავშირის განცხადებით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული არ არის ან არაღიარების პროცესშია.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას და საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად.

ამ მანდატის საფუძველზე, ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.

ევროკავშირმა 9 სექტემბერს სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close