იტალიასაზოგადოება

იტალია: 30 სექტემბრიდან პირბადე საჭირო აღარ არის თითქმის არსად, მათ შორის, არც ტრანსპორტში

იტალიაში 3 დღეში პირბადე თითქმის აღარსად იქნება საჭირო – ამჟამად ჯერ კიდევ არსებული მოთხოვნა, რომ მოქალაქეებმა პირბადე ატარონ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და ხანდაზმულთა სახლები), 30 სექტემბრიდან გაუქმდება.

კიდევ ერთი თვის განმავლობაში, 31 ოქტომბრის ჩათვლით, პირბადე ძველებურად საჭირო იქნება ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც თანამშრომლები გვერდიგვერდ მუშაობენ, მჭიდროდ კონტაქტი აქვთ და უსაფრთხო დისტანციის დაცვის საშუალება არ არსებობს. ასეთ დაწესებულებებში პროტოკოლი მოითხოვს ტემპერატურის გაზომვასაც შესასვლელში, თუმცა ეს ვალდებულება პირველი ნოემბრიდან მოიხსნება – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შეზღუდვების გაგრძელება არ იგეგმება.

ავტობუსებში, მატარებლებში, მეტროსა და საქალაქთაშორისო ავტობუსებში ამჟამად სავალდებულოა Ffp2 ტიპის პირბადის ტარება. ივნისის დასაწყისში ეს ზომა 30 სექტემბრამდე გაგრძელდა, 30 სექტემბრის შემდეგ ის ძალას კარგავს. ტრანსპორტი იყო ერთ-ერთი ბოლო ადგილი, სადაც პირბადის გამოყენების ვალდებულება ნარჩუნდებოდა, თუმცა მოქალაქეები სულ უფრო და უფრო ხშირად არღვევდნენ ამ წესს.

სკოლა

სასწავლო წლის დაწყებიდან კოვიდსაწინააღმდეგო წესები, რომელიც მოსწავლეებს და მასწავლებლებს პირბადის ტარებას ავალდებულებდა, აღარ მოქმედებს, თუმცა ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ ეს ზომა ისევ დაებრუნებინა.

31 დეკემბრის შემდეგ Green Pass-ი საჭირო აღარ იქნება არც მედმუშაკებისთვის, კლინიკებში მოთავსებული პაციენტებისა და მნახველებისთვის საავადმყოფოებსა თუ ხანდაზმულთა სახლებში.

სპეციალისტები ისევ საუბრობენ ვაქცინაციის აუცილებლობაზე მათთვის, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს.

„არჩევნების შემდეგ იფიქრეთ ვაქცინაციის კამპანიაზე, – ამბობს ინფექციონისტი მატეო ბასეტი. – ძალზე ბევრ დასუსტებულ [დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე] ადამიანს არ მიუღია მეოთხე დოზა“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close