მიგრაცია

ლეგალურად დასაქმების პროგრამით საფრანგეთში 100 ადამიანის დასაქმება იგეგმება

მთავრობის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ცირკულარული მიგრაციის პროგრამებიც მოხვდა, რომელსაც საქართველო ამ ეტაპზე გერმანიასა და ისრაელთან ახორციელებს. პროგრამები საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საშუალებას აძლევს.

„ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ლეგალურად დასაქმების პროგრამის ამოქმედება საფრანგეთთანაც იგეგმება და ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 100 კვოტაა განსაზღვრული.

„საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება”, – წერია ანგარიშში.

მთავრობის ინფორმაციითვე, 2021 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში.

„ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

რაც შეეხება სტატიტიკას, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმებით გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5000 ადამიანისათვის, თუმცა გასულ წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს 308 მოქალაქე დასაქმდა. მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, ჯამში, დასაქმებულია 132 ადამიანი.

რაც შეეხება ისრაელს, ჯერჯერობით, ლეგალური დასაქმების პროგრამით საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უსარგებლია.

„ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2076 მოქალაქე. აქედან შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს“, – აცხადებს მთავრობა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close