მსოფლიოპოლიტიკა

„აზოვსტალის“ ტერიტორია ათამდე ავტობუსმა დატოვა, რომელშიც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ – „როიტერი“ (ფოტო)

მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის – „აზოვსტალის“  ტერიტორია დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, – იუწყება სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ვერ დაადგინეს, რამდენი სამხედრო იმყოფებოდა ავტობუსებში, რომლებმაც ქარხნის ტერიტორია დატოვეს. მანამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფრებში 600-მდე სამხედრო, მათ შორის, ათობით დაჭრილი იმყოფება.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გამოიყვანეს და დატყვევებულ რუს სამხედროებში გაცვალეს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ევაკუირებული დაჭრილი უკრაინელი სამხედროები დნრ-ის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, რომელსაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, 16 მაისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამოქმედდა „სიჩუმის“ რეჟიმი და  „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან ჰუმანიტარული კორიდორით დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გამოიყვანეს. ისინი ნოვოაზოვსკის (დროებით ოკუპირებული ტერიტორია – ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) საავადმყოფოში მოათავსეს.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით პოლკ „აზოვის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ მათ დავალება შეასრულეს და სურს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ.

დღის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა.

„ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინელი დამცველების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია დაიწყო. ისინი ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლითი პროცედურის მეშვეობით დააბრუნებენ“, – ნათქვამია გენერალურმა შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close