საზოგადოებასაქართველო

ნიკა გვარამია დააკავეს, გიორგი გაბუნია ეთერში ბრუნდება

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს, დილით გამოაცხადა. ნიკა გვარამია სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„აბა თქვენ იცით!

დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება“.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი გაბუნია სატელევიზიო ეთერში ბრუნდება და გვარამიას შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ  „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. ამავე საქმეზე ჰქონდათ წარდგენილი ბრალი, ასევე, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ამასთან, შეზღუდული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

მოსამართლემ ამ რამდენიმე ბრალდებიდან ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ საქმის ორ ეპიზოდზე: ერთი – არხისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ეხებოდა, მეორე – ავტომანქანის ეპიზოდზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, სარეკლამო ბარტერის ხელსეკრულებით, კომპანიის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა გვარამიამ 232 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა პირად საკუთრებაში მიიღო.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავებოდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

კახა დამენია დამნაშავედ ცნეს 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

16 მაისის პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლის თქმით, მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

ორივე მსჯავრდადებულს – ნიკა გვარამიას და კახა დამენიას შეუძლიათ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

16 მაისის განაჩენის შემდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აპირებს დაიწყოს იმ თანხის დაბრუნებაზე სამართლებრივი დავა, რა მოცულობის ზიანიც, მისივე შეფასებით, არხს მიზანმიმართული ქმედებებით მიადგა ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის პერიოდში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close