2 რუსი ოლიგარქი საკუთარ სახლებში ცოლ-შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვსა და ესპანეთში. საუბარია გაზის სექტორში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე, სერგეი პროტოსენიასა და ვლადისლავ ავაევზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Newsweek-ის ცნობით, ორივე შემთხვევაში ტრაგიკული ფაქტის შესახებ განგაში ოჯახის გადარჩენილმა შვილმა ატეხა.
კრემლის მაღალჩინოსანი და „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი მოსკოვში, თავის მდიდრულ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. რუსი სამართალდამცველების თქმით, მან ჯერ თავისი ცოლი, 47 წლის ელენა და 13 წლის ქალიშვილი, მარია მოკლა იარაღიდან გასროლით, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილთა ცხედრები ავაევის მეორე ქალიშვილმა, 26 წლის ანასტასიამ აღმოაჩინა, რომელიც მას შემდეგ, რაც ტელეფონით ვერაფრით დაუკავშირდა თავის ოჯახს, ადგილზე მივიდა და საშინელი სურათის მოწმე გახდა. მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ როდესაც მამამისის ცხედარი აღმოაჩინა, ამ უკანასკნელს ხელში პისტოლეტი ეჭირა.
მეორე დღეს ესპანეთში, სანაპირო ქალაქ ლორეტ დე მარში იპოვეს კიდევ ერთი გარდაცვლილი ოლიგარქი, „ნოვატეკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 55 წლის სერგეი პროტოსენია თავის 53 წლის მეუღლე ნატალიასა და 18 წლის ქალიშვილთან, მარიასთან ერთად.
ესპანური მედიის ცნობით, რუსი ბიზნესმენის ცოლი და ქალიშვილი დანით მოკლულები იპოვეს მათ სახლში, პროტოსენია კი ბაღში ჩამომხრჩვალი ნახეს.
მათთან დაკავშირებით განგაში წყვილის არასრულწლოვანმა ვაჟიშვილმა ატეხა, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს ვერაფრით დაუკავშირდა.
ესპანური გამოცემა El Punt Avui-ს ცნობით, პროტოსენიას ქონება 440 მლნ აშშ დოლარად იყო შეფასებული. კომპანია, სადაც პროტოსენია მუშაობდა, „გაზპრომბანკთან“ არის დაკავშირებული.
ესპანური სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად იკვლევენ, ეს შემთხვევა ოჯახური დრამაა თუ საქმე გვაქვს ორგანიზებულ მკვლელობასთან. ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ იმ ვერსიასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროტოსენიამ ჯერ საკუთარი ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო, გარკვეული შეუსაბამობები არსებობს, მათ შორის ის, რომ ბიზნესმენის ცოლი და ქალიშვილი საძინებელში მაშინ მოკლეს დანით, როდესაც ეძინათ. გარშემო სისხლის გუბე იდგა, თუმცა თავად პროტოსენიას სისხლის არანაირი კვალი არ ეტყობოდა.
ორივე ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან კონტაქტი ავაევს და პროტოსენიას გარდაცვალებამდე, თუმცა აღნიშნავენ, რომ ორივე შემთხვევა ძალიან ჰგავს და დროშიც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, არცერთი გარდაცვლილი არ იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები