თესალონიკის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)
თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოში, სადაც რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. შედეგად ერთი პაციენტი დაიღუპა, სულ ცოტა, 2-მა პაციენტმა კი სერიოზული დაზიანება მიიღო.
ხანძარმა კოვიდ-19-ის ბლოკში იფეთქა მე-2 სართულზე, სადაც პულმონოლოგიურ განყოფილებაში 20 მძიმე პაციენტი იყო მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოვიდკლინიკის დირექტორმა დიამანტის ქლოროროსმა განუცხადა.
ცეცხლი დღეს დილით, 9 საათზე გაჩნდა. საავადმყოფოს პაციენტების და პერსონალის ევაკუაციისათვის და ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 30 მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ.
მაშველებმა ხანძრის კერიდან 79 წლის პაციენტის დამწვარი სხეული გამოიყვანეს, კიდევ 2 პაციენტი მრავალრიცხოვანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი ინტუბირებულია.
მაშველებმა ქიმიოთერაპიის განყოფილებიდან და სხვა პალატებიდანაც გამოიყვანეს პაციენტები, რადგან მთელ შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო და მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მთლიანობაში ევაკუირებულია 38 ადამიანი.
ხანძარი სწრაფად გავრცელდა, რამაც ადგილზე პანიკა გამოიწვია. ექიმებმა და მედდებმა სასწრაფოდ პალატებს მიაშურეს, რათა პაციენტებს ევაკუაციაში დახმარებოდნენ. მათი თქმით, კვამლი იმდენად სქელი იყო, რომ ვერაფერს ხედავდნენ. „საბედნიეროდ, სახანძრო ბრიგადა სწრაფად მოვიდა და გამოიყვანა 36 ადამიანი, რომლებიც მეორე და მესამე სართულზე იმყოფებოდნენ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოწმე. კოვიდ- განყოფილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ განახლდა, დიდი მატერიალური ზარალი მიადგა.
როგორც ტელეარხ OPEN-თან საუბრისას კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, დიდი ალბათობით, გახდა ის, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ჟანგბადის ნიღაბი მოიხსნა და სიგარეტს მოუკიდა. შედეგად მას თავადაც ცეცხლი მოედო და ხანძარი პალატაშიც სწრაფად გავრცელდა.
ამ აზრს ემხრობა გამოცემა ethnos-ი, რომელმაც საავადმყოფოში თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაციენტმა სიგარეტს მოუკიდა ჟანგბადის ბალონების სიახლოვეს, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.
სახანძრო სამსახურის მონაცემებით, პაციენტის სხეული ძლიერ არის დამწვარი, პალატა კი მთლიანად ცეცხლმა შთანთქა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, პალატებში, სადაც ჟანგბადის აპარატებია, წარსულშიც იყო დაფიქსირებული პაციენტების მიერ სიგარეტის მოწევის ფაქტები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფრომაცია, რომ თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
სახანძრო სამსახურმა ცეცხლის გაჩენის მიზეზის გამოძიება დაიწყო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები