როგორ გადაურჩნენ ტარაკნები დინოზავრების მკვლელ ასტეროიდს
66 მილიონი წლის წინათ თანამედროვე მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი დაეცა; ამ ადგილს დღეს ჩისკულუბის კრატერს უწოდებენ. იმ დროს დედამიწაზე უხვად იყვნენ გავრცელებულები ტარაკნები.
დაცემამ დიდი მიწისძვრა გამოიწვია; მეცნიერთა აზრით, დარტყმის ადგილიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ამას მოჰყვა ვულკანური ამოფრქვევებიც. დედამიწის ფლორისა და ფაუნის სამი-მეოთხედი გადაშენდა, მათ შორის, დინოზავრებიც, გარდა რამდენიმე სახეობისა, რომლებიც თანამედროვე ფრინველთა წინაპრები არიან.
როგორ შეძლეს სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის ტარაკნებმა გადარჩენა, როდესაც ამდენი ძლიერი ცხოველი ამოწყდა? როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ მშვენივრად იყვნენ აღჭურვილი, რათა ეს კატასტროფა გადაეტანათ.
ალბათ კარგად იცით, რომ ტარაკნების სხეული ძლიერ ბრტყელია. ეს კი სულაც არ არის შემთხვევითი. ბრტყელ მწერებს შეკუმშვა და ვიწრო ადგილებში შეძრომა შეუძლიათ. შედეგად, ისინი პრაქტიკულად ყველგან შეიძლება დაიმალონ — სწორედ ეს შეიძლება დაეხმარა მათ ჩისკულუბის დარტყმისგან გადარჩენაში.
ასტეროიდის დაცემისას დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურამ მოიმატა. მრავალ ცხოველს გასაქცევი არსად ჰქონდა, მაგრამ ტარაკნებს თავშესაფარი შეიძლება მიწის ციცქნა ნაპრალებში ეპოვათ, რაც სიცხისგან თავდაცვის ბრწყინვალე საშუალებაა.
ასტეროიდის დარტყმას კასკადური ეფექტები მოჰყვა. ატმოსფეროში იმდენი მტვერი ავიდა, რომ ცა ჩამუქდა. მზის ჩაბნელებას კი ტემპერატურის ვარდნა და მთელ პლანეტაზე ზამთრის დადგომა მოჰყვა. გადარჩენილ მცენარეებს მზის სხივების ნაკლებობის გამო ზრდა უჭირდათ, ამ მცენარეებზე დამოკიდებული მრავალი სხვა ორგანიზმი კი შიმშილის წინაშე აღმოჩნდა…
თუმცა არა – ტარაკნები. ზოგიერთი სხვა მწერისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტულ საკვებს ჭამენ, ტარაკნები ყველაფრისმჭამელი მენარჩენეები არიან ანუ ჭამენ ყველაფერს მცენარეულსა თუ ცხოველურს, ხის ნარჩენებს, ტანსაცმელსა და განავალსაც კი. არაარჩევითმა მადამ ტარაკნებს ჩისკულუბის დარტყმის შემდეგ გადაშენებაში და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ არსებულ მძიმე პერიოდებში გადარჩენის საშუალება მისცა.
კიდევ ერთი დამხმარე თვისება ის არის, რომ ტარაკნები კვერცხებს პატარა დამცავ გარსებში დებენ. ეს გარსები გამხმარ ლობიოს ჰგავს.
ტელეფონის ჩასადებთა მსგავსად ეს გარსები კონტენტს ფიზიკური დაზიანებისა და სხვა საფრთხეებისგან იცავს, მაგალითად, წყალდიდობის ან გვალვისგან. ჩისკულუბის კატასტროფას მრავალი ტარაკანი შეიძლება სწორედ მათი წყალობით გადაურჩა.
თანამედროვე ტარაკნები მაშინ გადარჩენილთა შთამომავლობაა და ხმელეთზე თითქმის ყველგან ბინადრობენ, ცხელი ტროპიკებიდან დაწყებული, მსოფლიოს ყველაზე ცივი რეგიონებით დამთავრებული. მეცნიერთა შეფასებით, ამჟამად არსებობს ტარაკნების 4000-ზე მეტი სახეობა.
ზოგიერთ სახეობას ადამიანებთან ცხოვრება მოსწონთ და სწრაფად ხდებიან მავნებლები. მას შემდეგ, რაც ტარაკანი შენობაში თავს დაიმკვიდრებს, ძნელია, ამ მწერებსა და მათ კვერცხებს ყოველი პატარა ბზარი დაუმალო. თუ ანტისანიტარულ ადგილებში დიდი ოდენობით ტარაკანია, მათ დაავადებათა გავრცელებაც შეუძლიათ. უდიდესი საფრთხე, რასაც ისინი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნიან, მომდინარეობს მათ მიერ გამომუშავებული ალერგენებიდან, რომლებიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ასთმის შეტევებს და ალერგიულ რეაქციებს.
მავნებელი ტარაკნების მართვა ძნელია, რადგან უძლებენ მრავალ ქიმიურ ინსექტიციდს და აქვთ იგივე შესაძლებლობები, რაც მათ წინაპრებს დინოზავრის მკვლელი ასტეროიდისგან გადარჩენაში დაეხმარა.
თუკი დედამიწას კიდევ დაეცემა რაიმე დიდი ასტეროიდი, ვინ იცის, იქნებ ტარაკნებმა ჩვენც „მოგვინელონ“, დინოზავრთა მსგავსად.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
კომენტარები