საზოგადოებასაქართველო

მკვეთრად გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში, „დაპაუზებული“ ვაქცინაცია და მე-7 ტალღის საფრთხე

გასულ დღე-ღამეში 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

საქართველოში 1-2 აპრილის 24 საათში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1070 ადამიანი. კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა – ისევე, როგორც გუშინ.

შემცირდა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელიც: დღიური – 2.03%-ია, ბოლო 14 დღის – 3.04%, ბოლო შვიდი დღის – 2.44%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 005 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათგან 1 627 366 გამოჯანმრთელდა, 16 751 კი გარდაიცვალა.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესებისა, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეშვიდე ტალღა ქვეყანაში ზაფხულში – ივნის-ივლისშია მოსალოდნელი და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ისევ რეკომენდებულია აცრა (მათ შორის, ბუსტერ დოზით – ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფაიზერს), დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადე და დისტანცია.

საქართველოში სულ ჩატარებულია 2 861 752 აცრა, მათ შორის, 240 – ბოლო ერთ დღეში. აღსანიშნავია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში პირველი აპრილიდან ჯერჯერობით აღარ არის ხელმისაწვდომი, რადგან არსებულ მარაგს  – 300 ათასზე მეტ დოზა ამერიკული წარმოების „ფაიზერს“ 31 მარტს ვადა გაუვიდა და ახალი პარტია ჯერ არ არის შემოსული (მოქალაქეები, ზოგადად, მარტშიც ერიდებოდნენ „ფაიზერით“ აცრას მიწურული ვარგისიანობის ვადის გამო). ამჟამად, ჯერჯერობით მხოლოდ ჩინური სინოვაკი და სინოფარმია ხელმისაწვდომი

უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი „ფაიზერის“ პრეპარატით ვაქცინაციის განახლება. 31 მარტს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ფაიზერის ახალი პარტია „მოწოდების პროცესშია“. მეორე დღეს კი გაბუნიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ფაიზერის ვაქცინა მომავალ კვირიდან, სავარაუდოდ, 5-6 აპრილიდან ისევ იქნება ხელმისაწვდომი და მიმდინარე წელს საქართველო „ფაიზერისგან“ ჯამში 1 000 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close