
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში მკვეთრი განცხადება გააკეთა „რეჟიმის გულმოდგინე პროპაგანდისტების“ შესახებ მას შემდეგ, რაც იტალიურმა მედიამ რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ მის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი კომენტარები გააშუქა.
პრემიერის პოსტი სამშაბათს, 21 აპრილს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა და მალევე გახდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ მელონიმ პირდაპირ არ მიუთითა, თუ რა გახდა მისი განცხადების მიზეზი, კონტექსტი აშკარად უკავშირდება სოლოვიოვის კომენტარებს.
„თავისი ბუნებით რეჟიმის გულმოდგინე პროპაგანდისტი ვერ გვასწავლის ვერც თანმიმდევრულობას და ვერც თავისუფლებას. თუმცა ეს კარიკატურები, რა თქმა უნდა, ვერ შეგვაცვლევინებს კურსს. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, არ გვყავს ბატონები და არ ვიღებთ ბრძანებებს. ჩვენს ერთადერთ ორიენტირად რჩება იტალიის ინტერესები“, – წერს მელონი.
Per sua natura, un solerte propagandista di regime non può impartire lezioni né di coerenza né di libertà.
— Giorgia Meloni (@GiorgiaMeloni) April 21, 2026
Ma non saranno certo queste caricature a farci cambiare strada.
Noi, diversamente da altri, non abbiamo fili, non abbiamo padroni e non prendiamo ordini.
La nostra bussola… pic.twitter.com/UPmr22zAwO
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამ კურსს „სიამაყით გააგრძელებს, მთელი მსოფლიოს პროპაგანდისტების დიდი იმედგაცრუების მიუხედავად“.
დიპლომატიური დაძაბულობა რომსა და მოსკოვს შორის
მელონის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ თქვა, რომ რომში აკრედიტებული რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მინისტრის განმარტებით, ელჩთან შეხვედრის მიზანი იყო „ოფიციალური პროტესტის გამოხატვა უკიდურესად სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“, რომელიც სოლოვიოვმა იტალიის პრემიერ-მინისტრის მისამართით გააკეთა.
რა თქვა სოლოვიოვმა
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა დილის ტოქშოუში Vesti FM-ზე ჯორჯა მელონი უკიდურესად შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია იტალიურ და რუსულ ენებზე. მან მელონის უწოდა „ფაშისტი არსება, რომელმაც თავის ამომრჩეველს უღალატა“ და ასევე უფლება მისცა საკუთარ თავს, გამოეყენებინა უხამსი იტალიური გამოთქმა, რომელიც მეძავს აღნიშნავს. სოლოვიოვმა ასევე განაცხადა, რომ მელონიმ „უღალატა“ დონალდ ტრამპს, რომელსაც ადრე მხარს უჭერდა.
სოლოვიოვის ამ გამოხტომას იტალიურ მედიაში ფართო გამოხმაურება და, ასევე, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. ამის შესახებ დაწერეს ისეთმა სოლიდურმა გამოცემებმა, როგორიცაა: La Repubblica, Domani, Sky Italia და სააგენტო ANSA. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სოლოვიოვი დაიცვა – მან თქვა, რომ რომს არ მოსწონს ვლადიმირ სოლოვიოვის კრიტიკა იტალიის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო, ხოლო ტელეწამყვანის შეურაცხმყოფელი სიტყვები ასე ახსნა: „ყველას თავისი სტილი აქვს“.
პოლიტიკური მხარდაჭერა მელონის
იტალიის პოლიტიკურმა სპექტრმა პრემიერ-მინისტრს ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ სოლოვიოვის განცხადებებს „ვულგარული“ უწოდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ აღნიშნული გამონათქვამები „წარმოუდგენლად შეურაცხმყოფლად“ შეაფასა.
პრემიერის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც.
ვლადიმირ სოლოვიოვი კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროპაგანდისტია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში დასავლეთისა და ევროპელი ლიდერების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა. მისი კრიტიკა ჯორჯა მელონის მიმართ უკავშირდება იტალიის პროუკრაინულ პოზიციას და როგორც სამხედრო, ისე ფინანსურ დახმარებას, რომელსაც მელონის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს.
სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ინფორმაციები, რომ სოლოვიოვის გაშმაგება გამოიწვია მისი ვილის კონფისკაციამ კომოს ტბაზე, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
სოლოვიოვის ახალი შეტევა იტალიაზე და ევროპელ ლიდერებზე
პუტინის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი არ დაცხრა და ამჯერად იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას დაუპირისპირდა. მისი თქმით, იტალიელმა პოლიტიკოსებმა „არ იციან, რას ამბობენ“, როდესაც რუსეთს „მესამე რაიხს“ ადარებენ. საქმე ისაა, რომ სერჯო მატარელამ თავის ბოლო გამოსვლებში რუსეთის აგრესია უკრაინაში ისტორიულ პარალელებთან, მათ შორის, მათ შორის ნაცისტურ ექსპანსიასთან მიმართებით განიხილა. სწორედ ამ კონტექსტმა გამოიწვია კრემლის მხარდამჭერი მედიის, მათ შორის, ვლადიმირ სოლოვიოვის მწვავე რეაქცია.
სოლოვიოვის განცხადებები, რომლებიც მან თავის პროპაგანდისტულ გადაცემაში გააკეთა, ირიბად შეეხებოდა იტალიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ლუიჯი დი მაიოსაც.
სოლოვიოვმა განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „ისტორიულ რეალობას ამახინჯებენ“. მისი გამოსვლა, „მიმართვა იტალიას“, კრემლის ტრადიციულ ნარატივს იმეორებდა – რომ დასავლეთი უკრაინულ „ნაციზმს უჭერს მხარს“.
მან ასევე მიმართა იტალიურ საზოგადოებას და ისტორიული ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში, პარალელურად უკრაინის მხარდაჭერის გამო მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის ლიდერები – მათ შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, ფრიდრიხ მერცი, ბორის პისტორიუსი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯა მელონი.ცნობისათვის, 23 აპრილს ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ვეტო მოხსნა. პარალელურად, დამტკიცდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიც.
ნანა ძნელაძე



