შანხაიში 65 000 დრონმა გინესის რეკორდი დაამყარა – ფანტასტიკური შოუ ცაზე (ვიდეო)
სინქრონიზებული დრონები 6 წუთის განმავლობაში ქმნიდნენ ცაში შთამბეჭდავ გამოსახულებებს
შანხაიში გაიმართა უნიკალური მანათობელი შოუ, რომლითაც ოფიციალურად დამყარდა გინესის მსოფლიო რეკორდი: ცაში ერთდროულად აფრინდა 65 000 სინქრონიზებული დრონი. ისინი დაახლოებით ექვს წუთის განმავლობაში ქმნიდნენ რთულ ფორმებს და ადგილობრივები და ტურისტები ექსკლუზიური, თვალწარმტაცი სანახაობის მომსწრენი გახდნენ.
დრონები ცაზე „ხატავდნენ“ რთულ და დეტალურ გამოსახულებებს – ქალაქის ღირსშესანიშნაობების, პანდებისა და ცის დრაკონების ფორმებს. თითოეული დრონი ზუსტად გათვლილი კოორდინატებით მოძრაობდა, რაც შოუს უნაკლო ეფექტურობას ანიჭებდა, პუდუნის რაიონის განათებული ჰორიზონტის ფონი კი სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავ ვიზუალურ კომპოზიციას სძენდა.
სანაპიროებზე, სარეკრეაციო ადგილების ბილიკებზე და სადგურების მიმდებარე სივრცეებში ათასობით ადამიანი იყო თავმოყრილი ამ უნიკალური „წარმოდგენის“ თვალის სადევნებლად.
აღსანიშნავია, რომ შანხაის რეკორდმა უკან ჩამოიტოვა წინა მიღწევა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჟენში დამყარდა – მაშინ ერთდროულად 8 100 დრონი აიჭრა ცაში.
დრონების შოუ არა მხოლოდ მხატვრული წარმოდგენა იყო, არამედ ტექნოლოგიური მიღწევაც: პროგრამირება, სინქრონიზაცია და ზუსტი ნავიგაცია ერთდროულად ათიათასობით დრონისთვის რთული პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ინოვაციური სანახაობა ახალი ეპოქის დასაწყისია დრონების შოუებისა და ციფრული არტის სფეროში. შანხაის მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ და ხელოვნებამ ჰარმონიულ ტანდემში შექმნას უნიკალური მასშტაბური სანახაობა.
გარდა მხატვრული მნიშვნელობისა, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩინეთის შესაძლებლობები დრონების „გუნდის“ კოორდინირებაში, რომლებიც დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება კულტურულ დს გასართობ პროექტებში.
გინესის რეკორდის აღრიცხვა ოფიციალურად ადასტურებს ჩინეთის ლიდერობას დრონების მასობრივი შოუების სფეროში და ახალ სტანდარტს ადგენს მომავლის ტექნოლოგიური არტისთვის.
ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ, მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს იმ შთამბეჭდავი 6-წუთიანი „სპექტაკლის“ ეფექტს, რომლის „სცენა“ შანხაის ცა იყო და რომელსაც ათიათასობით მაყურებელი დაესწრო.
ნინო ხოშტარია
🚨🇨🇳 BREAKING: 65,000+ Drones in Shanghai. pic.twitter.com/qCtwPgLyNA
— Jackson Hinkle 🇺🇸 (@jacksonhinklle) January 11, 2026



