ჩეხეთის მთებში ტურისტებმა განძი იპოვეს

ჩეხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, კრკონოშეს მთებში ორმა ტურისტმა განძით სავსე ყუთი იპოვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტურისტებმა, რომლებმაც ანონიმებად დარჩენა არჩიეს, ტყით მოკლეზე გადასვლა გადაწყვიტეს და ქვის კედლიდან გამოშვერილი ალუმინის ყუთი შეამჩნიეს. როდესაც ყუთი გახსნეს, შიგნით 10 ოქროს სამაჯური, 17 პორტსიგარი, საპუდრე, სავარცხელი და 598 ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. ოქროს მონეტების წონა 3,7 კგ-ია. ნივთების ფასი, სულ ცოტა, 360 000 დოლარია.
ტურისტებმა ნაპოვნი ნივთები აღმოსავლეთ ბოჰემიის მუზეუმს გადასცეს მეზობელ ქალაქში, გრადეც კრალოვში, რის შემდეგაც არქეოლოგებმა განძის შესწავლა დაიწყეს. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, ვინ და რატომ დამალა განძი, თუმცა ის კი დანამდვილებით გაარკვიეს, რომ ყუთის დამალვიდან 100 წელზე მეტი არ გასულა, რადგან ერთ-ერთი მონეტა 1921 წლით არის დათარიღებული. ამასთან, ყუთში მხოლოდ ბალკანური და ფრანგული ფული იყო , ჩეხური კი – არა.. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ განძი მთებში მისმა მეპატრონემ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დამალა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები