
იტალიის სენატმა საგარეო საქმეთა მინისტრის, პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერის, ანტონიო ტაიანის მიერ ინიციირებული მოქალაქეობის რეფორმის პირველი ეტაპი დაამტკიცა. ახალი დადგენილება-კანონი ამკაცრებს იტალიის პასპორტის მიღების წესებს იტალიელი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული ემიგრანტების შთამომავლებისთვის, რათა ე. წ. „პასპორტების ბაზრის“ მუშაობა შეაჩეროს. ამიერიდან იტალიის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვისი მშობლებიდან ან ბებია-ბაბუიდან ერთი მაინც არის დაბადებული იტალიაში.
აქამდე იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენა შეეძლო უცხოეთში დაბადებულ და იქაური მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდა. ასეთ წინაპრებში იგულისხმებოდნენ დიდი პაპა და ბებიაც და უფრო შორეული ნათესავებიც კი მათი საგვარეულოდან. ახალი კანონი კი განსაზღვრავს, რომ იტალიელი ემიგრანტების შთამომავლებს (რომლებსაც იტალიის მოქალაქეობის მიღება სურთ), მოუწევთ დაამტკიცონ პირდაპირი კავშირები ორი თაობის ფარგლებში (დედ-მამა ან ბებია-ბაბუა).
მეტიც, ეფექტიანი კავშირის (vincolo effettivo) მოთხოვნა ხაზს უსვამს რეალურ კავშირს იტალიასთან. მხოლოდ უბრალოდ იტალიელი წინაპრის არსებობა უკვე არასაკმარისია. განმცხადებლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ ახლო წარსულის კავშირი იტალიასთან, ისეთი, როგორიცაა რეზიდენცია ან ოჯახური კავშირები.
ტაიანი განმარტავს: „მოქალაქეობა – ეს არ არის უბრალოდ ფორმალობა, არამედ გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც იტალიასთან ნამდვილ კავშირს ეფუძნება“.
მისივე თქმით, სენატმა, აგრეთვე, დაამტკიცა შესწორება, რომელიც განსაზღვრავს, რომ იტალიის მოქალაქე ემიგრანტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სადაც დაფუძნდნენ, იქ მუშაობის დაწყების გამო მოუწიათ იტალიის მოქალაქეობის დათმობა, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი, რომ მოქალაქეობა აღიდგინონ.
დეკრეტი-კანონი სენატმა 15 მაისს დაამტკიცა „პალაცო მადამაში“ (სენატის რეზიდენცია – რედ.): 81 სენატორი კანონის მომხრე იყო, წინააღმდეგ კი 37-მა მისცა ხმა. ახლა ის დეპუტატთა პალატამაც უნდა მიიღოს, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს და კანონად იქცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის პარლამენტში ყველა არ ეთანხმება წარმოშობის საფუძველზე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების წესის ასეთ გამკაცრებას. მატეო სალვინის „ლიგა“ (Lega) კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. პარტიაში შიშობენ, რომ ახალი ზომები საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიელებს ცხოვრებას გაურთულებს და დიასპორასთან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
ნანა ძნელაძე
განახლება 21 მაისს:
p. s. „ლა რეპუბლიკას“ ცნობით, ტაიანის მიერ ინიციირებული დეკრეტ-კანონის პროექტს 20 მაისს მხარი დაუჭირა იტალიის პარლამენტის ქვედა (დეპუტატთა) პალატამაც – მონტეჩიტორიოს სასახლეში კენჭისყრაზე დოკუმენტის მომხრე იყო 137 დეპუტატი, 83-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 2-მა კი თავი შეიკავა. ახლა ის უკვე კანონია.
კომენტარები