შავი კვამლი ვატიკანის თავზე – მსოფლიო თეთრი კვამლის მოლოდინშია (LIVE/video)

7 მაისს სიქსტეს კაპელაში კარდინალები შეიკრიბნენ – 133 კარდინალი ახალ პონტიფიკოსს აირჩევს, რასაც შესაძლოა დღეები დასჭირდეს. კარდინალებს პაპის არჩევამდე გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ექნებათ.
კარდინალებმა დადეს ფიცი, რომ არჩევნების მკაცრ წესებს დაიცავენ და რომის 267-ე პაპს კენჭს იქამდე უყრიან, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს. თუ 30 კენჭისყრის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწევენ, კანდიდატი მარტივი უმრავლესობით აირჩევა. და როცა ეს მოხდება, თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს.
კენჭისყრის ყოველი რაუნდის შემდეგ საარჩევნო ბარათები იწვება. კვამლის გასაშავებლად ან გასათეთრებლად ქიმიკატები გამოიყენება. საკვამურიდან ამოსული შავი კვამლი მიუთითებს, რომ კენჭისყრა უშედეგო იყო, ხოლო თეთრი კვამლი კი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევას აუწყებს.
თქვენ შეგიძლიათ ამ ამაღელვებელი მომენტის თვითმხილველი გახდეთ, თუ თვალყურს მიადევნებთ საკვამურის კადრის ტრანსლირებას ვატიკანის live რეჟიმში.
თეთრი კვამლის ამოსვლის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ეკითხებიან, თანახმაა თუ არა პაპის პოსტის დასაკავებლად და თუ თანახმაა, რომელ სახელს აირჩევს პონტიფიკოსის ტიტულისთვის.
ვატიკანში მიმდინარე კონკლავის პირველ კენჭისყრაზე 7 მაისს რომის პაპი ვერ აირჩიეს.
სიქსტეს კაპელის სახურავის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერცერთმა მოაგროვა ხმების ორი მესამედი. ამგვარად, კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდნენ, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული.
კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კარდინალები სანტა მარტას სახლიდან სიქსტეს კაპელაში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით გადაჰყავთ.
ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგან უკანასკნელი სამი პაპიდან იტალიელი არცერთი ყოფილა.
პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. იგი კანდიდატებიდან ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა, ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ.
პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი.
კონკლავი გაიხსნა მესით, რომლის მსვლელობისას კარდინალებმა აბსოლუტური საიდუმლოების ფიცი დადეს. Vatican News-მა რომის პაპის არჩევისადმი მიძღვნილი წმინდა წირვის კადრები გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე მიმდინარე წლის 21 აპრილს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად. იგი 26 აპრილს რომში დაკრძალეს სანტა მარია მაჯორეს ტაძარში, მისივე ანდერძის თანახმად.
დღეისათვის კათოლიკურ ეკლესიას 1.4 მილიარდამდე მიმდევარი ჰყავს, რითაც ის მსოფლიოს უდიდესი რელიგიური ორგანიზაციაა და ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – იგი იქნება პირველი პაპი ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ
კომენტარები