ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტისპორტი

მე არ მეშინია, გოლს გავუტანო, თქვა და – ორი უპასუხო გოლი გაიტანა „ბარსელონას“ კარში (ვიდეო)

იტალიაში მცხოვრები 11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასზე ითამაშა

14-17 აპრილს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატი (Barça Academy World Cup 2025) გაიმართა, რომელშიც 56 ქვეყნის ბიჭების და გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ მთელი მსოფლიოდან. ჩემპიონატში ერთი ქართველიც იყო იტალიის U12 ნაკრების შემადგენლობაში – იტალიაში მცხოვრები 11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი. იგი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქართველია, რომელმაც ამ პრესტიჟულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე გასულ ზაფხულს „ბარსელონას“ აკადემიის შესარჩევი ვარჯიშების დროს შეარჩიეს მსოფლიო თასისთვის, როგორც განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელი.

„ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიაზე ნორჩ მონაწილეებს ჩანთები და ფორმები გადასცეს და აცნობეს, ვინ რომელ ჯგუფში იყო – ფეხბურთელები სიძლიერის მიხედვით 2 გუნდში გაანაწილეს: უფრო ძლიერში („ბლაუ“ ) და შედარებით სუსტში („გრანა“). 11 წლის ქართველი ფორვარდი, რა თქმა უნდა, ძლიერ გუნდში მოხვდა.

ალექსანდრე ფეიქრიშვილის გუნდმა 8 თამაში ჩაატარა და 56 ქვეყანას შორის მე-9 ადგილი დაიკავა. ჩემპიონი ესპანეთი („ბარსელონა“) გახდა, რომელიც ალექსანდრეს გუნდმა დაამარცხა 2:0. ორივე გოლი ნორჩმა ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.

საერთო ჯამში ალექსანდრემ, რომელიც ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, 8 შეხვედრაში ოთხჯერ აიღო მეტოქის კარი: ესპანეთთან 2 გოლის გარდა, ერთი თურქეთის ნაკრებს გაუტანა, ერთი – იაპონიას, ერთი პენალტი მოიპოვა, არაერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

„ლამის მთელი მსოფლიო ბარსელონაში იყო ჩამოსული, სულ სხვა გარემო და საოცარი სანახაობა, საუკეთესო ბავშვები მთელი მსოფლიოდან, მართლა დაფრინავდნენ! „ბარსელონასთან“ (ესპანეთთან – რედ.) მატჩის წინ თანაგუნდელები ყველაზე მეტად ნერვიულობდნენ, ალექსმა თქვა, მე არ მეშინია, გავუტანო, ქართული ხასიათი და ამბიცია გამოავლინა და მართლა გაუტანა 2 გოლი. ალექსმა ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა და ერთი პატარა ფანიც გაიჩინა – ერთ-ერთი ფეხბურთელის ძმა გვერდიდან არ შორდებოდა“, – გვითხრა ალექსანდრეს დედამ ია შარიაშვილმა, რომელიც მას ბარსელონაში თან ახლდა მეუღლესთან, იოსებ ფეიქრიშვილთან და უფროს ვაჟიშვილთან, 19 წლის თემუკასთან ერთად. მისი თქმით, ჩემპიონატის გახსნაზე და დახურვაზე ბევრი ცნობილი დიდი ფეხბურთელი იყო და ნორჩ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღეს.

რამდენიმე კითხვა ალექსანდრესაც დავუსვით:

ალექს, ამ დონის ტურნირში პირველად მონაწილეობდი. რა მოლოდინი გქონდა და თუ გაგიმართლდა?

კი, პირველად ვმონაწილეობდი. ვფიქრობდი, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებოდი და მართლაც შევძელი.

შენი თავით ბოლომდე კმაყოფილი ხარ?

კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბოლომდე – არასდროს. ყოველთვის მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

რა იყო ჩემპიონატზე ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო შენთვის?

ბევრი მეგობარი გავიჩინე და ერთად ძალიან ბევრს ვერთობოდით.

რომელ შეხვედრას გამოყოფდი იმ 8 მატჩიდან, რომელიც თქვენმა გუნდმა ითამაშა?

„ბარსელონასთან“ („ესპანეთთან“ – რედ.) და საფრანგეთთან, ყველაზე ძლიერები იყვნენ. მაინც უფრო „ბარსელონასთან“.

გასაგებიცაა, 2 უპასუხო გოლი გაუტანე. რაზე დაგწყდა გული?

რომ ჩემპიონატი მალე დამთავრდა და წამოსვლა მიწევდა, მე დარჩენა მინდოდა და თამაშის გაგრძელება. მაგრამ ამ ზაფხულს ისევ გავაგრძელებ ვარჯიშებს „ბარსელონას“ აკადემიაში და მომავალ წელს დავბრუნდები თასის მოსაგებად.

რა არის შენი მთავარი მიზანი?

მინდა, რომ „ბარსელონაში“ სამუდამოდ დავრჩე და იქ ვითამაშო, „ბარსელონა“ ჩემი საყვარელი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებ, მინდა „ბარსელონას“ ლეგენდა გავხდე.

წარმატებებს გისურვებ! ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შეძლებ!

ნინო ლურსმანაშვილი

ალექსანდრეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს.

11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი პირველი ქართველია, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასზე ითამაშებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close