ქართველები უცხოეთშიინტერვიუსპორტი

„მე და ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად ვგრძნობთ, ძალიან ბედნიერები ვართ… დიდებულ ქალაქში ვცხოვრობ და დიდი კლუბის წევრი ვარ“ – ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ

„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა. ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში „არსენალთან“ მოახლოებული ნახევარფინალის პირველ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

– ხვიჩა, პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედით… როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?

– ვფიქრობ, ეს რთულია, რადგან გუნდს სეზონის შუაში შევუერთდი, თუმცა ადაპტაცია არ გამჭირვებია. პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა თბილად მიმიღეს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მხარდაჭერა თამაშშიც მეხმარება.

– გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს…

– ის ფაქტი, რომ ასე სწრაფად მიმიღეს ოჯახში და რომ თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, ნამდვილად მეხმარება მოედანზე ადგილის პოვნაში. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაქსიმალურად ვისიამოვნო. პირველივე წამებიდან გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე გხვდებიან, რომ შეგიძლია, საკუთარი თავის გჯეროდეს და გააცნობიერო შენი, როგორც ფეხბურთელის, ღირებულება. თავი საუკეთესო ფეხბურთელად ვიგრძენი, რომელიც დიდ კლუბს შეუერთდა და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– თქვენ ასევე აღმოაჩინეთ პსჟ-ის სავარჯიშო ცენტრი.

– აქ ყველაფერი უმაღლესი დონისაა. გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით დაძაბული გრაფიკის შემდეგ, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ. აღარაფერს ვამბობ ფსიქოთერაპიულ მომსახურებასა და სამედიცინო პერსონალზე: ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. მოთამაშემ უნდა გაამახვილოს ყურადღება ფეხბურთსა და ვარჯიშზე, კლუბი კი ყველაფერ დანარჩენზე იზრუნებს. ამ ტიპის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

– რას ფიქრობთ პარიზზე?

– პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ყველაფერი იდეალურადაა – დიდებულ ქალაქში ვცხოვრობ და დიდი კლუბის წევრი ვარ. ვფიქრობ, ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახი შენთან ერთადაა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი კომფორტული და მშვიდი იყოს. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად ვგრძნობთ, ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს ამ გუნდის წევრი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს თბილი მიღებისთვის.

– შეგიძლიათ, გვიამბოთ თქვენი და ლუის ენრიკეს ურთიერთობის შესახებ?

– მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ხასიათმა, ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებამ და ფეხბურთის ისტორიის ცოდნამ. ის მოედანზეც და მის გარეთაც გაგრძნობინებს, რომ კლუბისა და ყველა გულშემატკივრისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. პატივისცემით გექცევა… ძალიან მიხარია, რომ ასეთ კლუბში მასთან ერთად ვარ.

– საფრანგეთის ჩემპიონის რანგში თავს როგორ გრძნობთ?

– ძალიან მიხარია, რომ ტიტული მოვიგეთ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. კიდევ ორი ​​ტიტულისთვის ვიბრძვით.

– სამშაბათს ლონდონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებთ. თქვენთვის ეს შეჯიბრება რას ნიშნავს?

– ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია და მასში მონაწილეობა ყველა მოთამაშის ოცნებაა. მოგებაც ყველას სურს, მაგრამ ეს წარმოუდგენლად რთულია. ასევე რთულია ნახევარფინალში მოხვედრა. ტურნირის სახელი ყველაფერს ამბობს – ჩემპიონთა ლიგა. ეს არის ჩემპიონთა ტურნირი. ამიტომ ყველა თამაშსა და მომენტზე სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

– თქვენი გოლი „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გადამწყვეტი აღმოჩნდა…

– როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ისახავ მიზნად, ასეთ მომენტში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გაიტან… ეს ალბათ ყველაზე დიდი, ყველაზე ბედნიერი და ემოციური გოლი იყო, რაც კი ოდესმე გამიტანია. აღფრთოვანებული ვიყავი. იმედი მაქვს, კიდევ უფრო ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლების გატანას შევძლებ.

– „ლივერპულისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ ინგლისური კლუბის წინააღმდეგ კიდევ ერთ მატჩს გამართავთ.

– ერთი მხრივ, ეს შესანიშნავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, არც ისე კარგი იყოს, რადგან ისინი ჩვენს თამაშებს სწავლობენ. მათ ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით. „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“ შეხვედრები ინგლისური ფეხბურთის უკეთ გაგებაში დაგვეხმარა. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს გუნდზე დადებითად იმოქმედებს და „არსენალთან“ მატჩში დაგვეხმარება.

თარგმანი 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close