
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი მიმართვიანობის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 912 000 განაცხადი შეადგინა. EU-ს წევრ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად 2024 წელს ყველაზე ხშირად სირიიდან წამოსული ლტოლვილები მიმართავდნენ, საერთო ჯამში 148 000 მოთხოვნით, რაც მთლიანი რაოდენობის 16%-ია.
Eurostat-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში საცხოვრებლის მისაღებად მაღალი იყო მიმართვიანობა ვენესუელის მოქალაქეების მხრიდან – 73 000 განაცხადი, მესამე ყველაზე დიდ ჯგუფს კი გასულ წელს ავღანელები შეადგენდნენ – 72 000 განაცხადი. თავშესაფრის მომთხოვნი პირებიდან 36 000 მშობლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იყო, უმეტესობა სირიიდან (32%), ავღანეთიდან (16%) და ეგვიპტიდან (8%).
თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარდგენილი განაცხადებიდან თითქმის მეოთხედი გერმანიაზე მოდიოდა. პირველადი მიმართვიანობის რაოდენობამ გერმანიისთვის 230 000-მდე განაცხადი შეადგინა, რიგით მეორე იყო ესპანეთი – 164 000 განაცხადი. შემდეგ მოდის იტალია (17%), საფრანგეთი (14%) და საბერძნეთი (8%). ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თავშესაფარზე ყველაზე ნაკლები განაცხადი (25) უნგრეთმა მიიღო.
მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, აპლიკაციების ყველაზე დიდი რაოდენობა კვიპროსზე მოდიოდა – ყოველ 1000 ადამიანზე 7.2 პირველადი განაცხადით. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ყოველ 1000 პირზე აპლიკაციების საშუალო რაოდენობა 2-ს უტოლდებოდა. ყოველ 1000 ადამიანზე თავშესაფრის მიმართვიანობით კვიპროსს გასულ წელს საბერძნეთი მოსდევდა (6.6), მესამე ადგილზე იყო ესპანეთი (3.4), მეოთხეზე – ლუქსემბურგი (3.2).
ქვემოთ მოცემულია, ევროკავშირის წევრმა რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ყველაზე მეტი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წელს:
- გერმანია – 229 750 განაცხადი
- ესპანეთი – 164 034 განაცხადი
- იტალია – 151 120 განაცხადი
- საფრანგეთი – 130 950 განაცხადი
- საბერძნეთი – 68 995 განაცხადი
- ბელგია – 33 095 განაცხადი
- ნიდერლანდები – 32 000 განაცხადი
- ავსტრია – 21 835 განაცხადი
- პოლონეთი – 15 445 განაცხადი
- ბულგარეთი – 12 030 განაცხადი
წყარო: forbes.ge
კომენტარები