ვიდეოსპორტი

სოფიო სომხიშვილის გადამწყვეტი რევანში – საქართველო ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია (ვიდეო)

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრებები გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი გახდა. ჩვენმა სპორტსმენებმა ფინალში იტალიელები დაამარცხეს ანგარიშით 4:3.

დღის გმირი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78) გახდა, რომელმაც თანაბარი ანგარიშის – 3:3 – შემდეგ  ოქროს ქულამდე დამატებით შეხვედრაში იტალიელი მეტოქე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ასია ტავანო დაამარცხა და საქართველოს გუნდს ევროპის ჩემპიონობა გაუნაღდა. მანამდე სოფიომ  ტავანოსთან თავისი ფინალური შეხვედრა დათმო და როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ისევ მას ერგო გადამწყვეტ შეხვედრაში ბრძოლა, ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა სოფიო ტატამიზე რევანშის ასაღებად გავიდა და მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 10 წამამდე დასჭირდა.

თავიანთი ფინალური შეხვედრები მოიგეს მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც ბოლოს გავიდა ტატამიზე და ანგარიში გაათანაბრა (3:3). ხოლო სოფიოს გარდა დამარცხდნენ ლუკა მაისურაძე  და მიხეილ ბახბახიშვილი.

ფინალამდე საქართველომ აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) სძლია.

საქართველოს შერეულმა გუნდმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი აიღო (2 ოქრო და 2 ვერცხლი) და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

გაისად, 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოში გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close