ჯანმრთელობარჩევები

როგორც დავამარცხოთ „იდეალური წყვილით“ გაზაფხულის უგუნებობა

მართალია, ბევრისთვის გაზაფხული „ზამთრის ძილისგან“ გამოფხიზლებასა და ახალი ენერგიით შევსებასთან ასოცირდება, მაგრამ ბევრისთვის პირიქით, სწორედ მარტისა და აპრილის თვეებია ყველაზე მძიმე, როცა საერთო სისუსტით და პესიმიზმით, ინტერესისა და ხალისის დაკარგვით გამოიხატება.

არ ღირს სეზონური უგუნებობის უგულებელყოფა და მისი ჩვეულებრივ მოწყენილობასა და მელანქოლიასთან გაიგივება, რადგან ემოციური არასტაბილურობა, რომელსაც მეტწილად ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა იწვევს, ხშირად სუიციდითაც მთავრდება.

სეზონური უგუნებობის გამომწვევი მიზეზები:

  • მზის სხივების დეფიციტი, რაც უგუნებობასთან ერთად კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
  • ჰორმონული აფეთქება, რომელიც მეტწილად რეპროდუქციულ ასაკში ვლინდება.
  • ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის სიმცირე ორგანიზმში. ზამთრის სეზონზე, როცა სუფთა ჰაერზე სეირნობას ყველა სითბოსა და მყუდრო გარემოში ყოფნას ამჯობინებს, ორგანიზმი ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, რაც ხშირი თავის ტკივილებითა და უგუნებობით გამოიხატება.
  • ორგანიზმის გამოფიტვა, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა.

„იდეალური წყვილი“

მედიკოსები არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტის მირთმევას, არამედ მათ სწორად კომბინირებას გვირჩევენ, რადგან „იდეალურად დაწყვილებულ“ პროდუქტს უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე მირთმეულს.

ღვიძლი და კომბოსტო ანემიის პროფილაქტიკისთვის

რკინის დეფიციტით დასუსტებული ორგანიზმი ადვილად ცივდება და სნეულდება ვირუსული დაავადებებით. ქალები რკინის ნაკლებობას მეტწილად კრიტიკულ დღეებში უჩივიან, რაც კანისა და თმის სიმშრალით და ფერის დაკარგვით ვლინდება. ღვიძლისა და კომბოსტოს კომბინაცია რკინადეფიციტური ანემიის საუკეთესო პროფილაქტიკაა, რადგან 300 გრამი ღვიძლი С ვიტამინით მდიდარ კომბოსტოსთან ერთად ორგანიზმს რკინის დღიური ნორმით (15 გრამი) ავსებს. ამასთანავე, ღვიძლისა და კომბოსტოს რეგულარულად მირთმევა ორგანიზმს ძალასა და ენერგიას მატებს, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ფერს, აჯანსაღებს თმას და ფრჩხილებს.

ისპანახი და ფორთოხალი ენერგიის აღსადგენად

დაღლილობას და მოთენთილობას რკინის შემცველი ისპანახის ებრძვის С ვიტამინით მდიდარ ფორთოხალთან ერთად. ამასთანავე, პროდუქტების ამგვარი კომბინაცია გულს აჯანსაღებს, ღრძილებს ამაგრებს და კანის ფერს აუმჯობესებს.

ტკბილი (ბულგარული) წიწაკა და მუხუდო მხნეობისა და ენერგიისთვის

რკინის შემცველი მუხუდო ორგანიზმს მხნეობასა და ენერგიას მატებს, წიწაკა კი კუჭს დეფიციტური ნივთიერების სწრაფად გადამუშავებაში ეხმარება. იდეალური ვარიანტია ჰუმუსის მომზადება მოთუშული წითელი წიწაკითა და მუხუდოთი, თუმცა არ ღირს კერძის ჭარბად მირთმევა.

ლიმონი და ოხრახუში მძიმე საკვების შემსუბუქებისთვის

მართალია, ლიმონ-ოხრახუშის წყვილის სარგებლის შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ სწორედ ამგვარი კომბინაცია ითვლება გლუტენითა და სახამებლით დამძიმებული კერძების საუკეთესო საკმაზად, მით უფრო, რომ С ვიტამინით მდიდარი ლიმონი ბრწყინვალედ ეხმარება ორგანიზმს ოხრახუში შემავალი რკინის შეთვისებაში.

ვაშლი და შოკოლადი ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად

სამწუხაროდ, ვაშლისა და შოკოლადის დუეტი ნაკლებად პოპულარულია, არადა ორივე პროდუქტი ანტიოქსიდანტების უშრეტი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმს იცავს გარემოს ნეგატიური ზეგავლენისგან, არამედ კანსაც დიდი ხნით უნარჩუნებს სიმკვრივეს, აძლიერებს გულს, აწესრიგებს ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობას.

გაზაფხულის უგუნებობის დაძლევა თავისუფლად შეგიძლიათ დამოუკიდებლად. მოიწყვეთ რამდენიმედღიანი არდადეგები მშვიდ გარემოში, დაასვენეთ გონება და სხეული, მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობებთან და პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან სხვისი ნეგატიური განწყობაც ისეთივე დამთრგუნველია, როგორც საკუთარი. უმჯობესია, მოინახულოთ დიდი ხნის მონატრებული ნაცნობები, რომლებთან ერთადაც გაერთობით, გამხიარულდებით და ნეგატიურ ფიქრებს დაივიწყებთ.

თუმცა, თუ ემოციური დისბალანსი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ძმარი დეპრესიის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს – ახალი კვლევა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close