უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან -23 გრადუსამდე

სინოპტიკოსთან პროგნოზით, 27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თოვა შეწყდება, ხვალიდან კი, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ტემპერატურა დაიკლებს, მთაში ზოგან მინუს 23 გრადუს ცელსიუსამდე. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12 გრადუსამდე, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18 გრადუსამდე, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. საფრთხის დონე მაღალი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები