ტოპ-5 პერსონალური თილისმა ფულის მოსაზიდად

სხვადასხვა კულტურას კეთილდღეობის საკუთარი სიმბოლოები აქვს, მაგრამ გლობალიზაციის ხანაში, როგორც სხვა ღირებულებები, ისინიც ზოგადსაკაცობრიო გახდა. ითვლება, რომ თუ თქვენ ატარებთ ან თქვენს სახლში ინახავთ თილისმას, ის მოიზიდავს ფულს ან იმ სულიერ რესურსებს, რომლებიც გჭირდებათ მიზნის მისაღწევად.
როგორ მუშაობს თილისმა?
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც საგანს კონკრეტული განზრახვით ვატარებთ, ის დროთა განმავლობაში თითქოს ჩვენი „გაგრძელება“ ხდება და მუდმივად გვახსენებს იმ მიზანს, რომლის მიღწევაც გვინდა. უფრო მეტიც, თავადაც ნაწილობრივ გადავდივართ კიდეც ამ მდგომარეობაში. განწყობის ასეთი მუდმივი დამუხტვა გვიიოლებს ნაბიჯების გადადგმას და წარმატების მიღწევის გზასაც ამოკლებს.
როგორც ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, ნებისმიერი სახის თილისმა მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. შემდეგ უკვე მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი თილისმის სხვისთვის თხოვება. ასე ის აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით, ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი.
1. მონეტა – დიახ, ასე პირდაპირ შეგვიძლია ფორტუნას ვამცნოთ ჩვენი განზრახვა, გავხდეთ უფრო მდიდარი. დადეთ მონეტა მზის გულზე და დამუხტეთ მნათობის ენერგიით, როცა გათბება, თქვენი სურვილები გაუმხილეთ. შეგიძლიათ მონეტა საფულეში ჩადოთ ან ატაროთ, როგორც სამკაული. გასაგებია, რომ მხოლოდ ასე ვერ მიაღწევთ შემოსავლის მკვეთრ ზრდას და ვერ მოხვდებით Forbes-ის სიაში, თუმცა თუ თილისმის ძალის გჯერათ, ის პირდაპირ თუ ირიბად დაგეხმარებათ თქვენი მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სასურველი კეთილდღეობის მიღწევაში.
2. თაგვი – თაგვი საფულეში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფულის თილისმაა. უძველესი დროიდან ითვლება, რომ ის კეთილდღეობას მომტანია. ეს მღრღნელები ღარიბ სახლებს გაურბიან და ურჩევნიათ შეძლებულ ოჯახებში დასახლდნენ – იქ, სადაც საჭმელი ადვილად იშოვება! ალბათ მიხვდით, საფულით არა თავად ცოცხალი მღრღნელი, არამედ მისი მინიატიურული ფიგურა უნდა ატაროთ, რომელსაც თათებით უჭირავს მონეტა ან მასზე ზის.
3. გასაღები – ფულის გასაღების გაკეთება ძალიან მარტივია: უბრალოდ იყიდეთ ახალი ბოქლომი გასაღებით. გასაღები ბოქლომის საკეტში ჩასვით და მთელი ღამით დადეთ ფულთან ერთად. დილით ამოიღეთ გასაღები და საფულეში მოათავსეთ ან სამკაულად ატარეთ, ბოქლომი კი ფულთან ერთად შესანახად დატოვეთ. ეს მარტივი „ჯადოქრობა“ გასაღებს კეთილდღეობის ერთგვარ მაგნიტად აქცევს.
4. სპილო – ეს ფიგურა სტაბილურობას, ოჯახურ სიმტკიცეს განასახიერებს და წარმატებას იზიდავს. არ დაგავიწყდეთ, რომ სპილოს აუცილებლად მაღლა აწეული ხორთუმი უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს დინჯი და აუჩქარებელი ცხოველი საგრძნობლად ამცირებს უსარგებლო ხარჯებს და დადებითად ზემოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან უყვართ ფულის ფლანგვა.
5. დრაკონი – ეს არის ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლო. ეზოთერიკოსების თქმით, აუცილებელია თილისმის „გამოღვიძება“ თვალების ახელის მარტივი რიტუალით. დრაკონის დღეს, რომელიც ჩინური კალენდრით 20-25 აპრილს აღინიშნება, დილის 7-დან 9 საათამდე, როცა ეს მისტიკური ცხოველი განსაკუთრებით აქტიურია, ახალი ფუნჯითა და მელნით დაუსვით წერტილები თვალებზე, რათა უკეთ დაგინახოთ და გაგიცნოთ. დრაკონის ძალა თქვენს დანაზოგს დაიცავს და გაზრდის.
რა უნდა გახსოვდეთ თილისმის არჩევისას
ფულის მოსაზიდად თილისმა საკრალურ ძალას მხოლოდ მაშინ შეიძენს, თუ მისი გჯერათ. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის ის, უბრალოდ, ადგილს დაიკავებს საფულეში და მეტი არაფერი.
აირჩიეთ გულით! თუ რომელიმე სიმბოლოები სასიამოვნო ასოციაციებს არ იწვევს თქვენში, მაშინ ისინი სათქვენო არ არის. აირჩიეთ სიმბოლო, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს და თქვენს განწყობას შეესაბამება.
თილისმა სულ უნდა გრძნობდეს თქვენს „სითბოს“, ამიტომ ეცადეთ, პირდაპირ კონტაქტში იყოთ მასთან. უკეთესია, თუ ის სხეულთან მუდმივ შეხებაში იქნება.
საკუთარი თილისმის გაჩუქება ან სხვისი თილისმის საჩუქრად მიღება არ ღირს, თუმცა თუ მსგავს გამოსახულებიან სამკაულს ან ფიგურას იყიდით და მას იმ ადამიანს აჩუქებთ, რომელიც გიყვართ და პატივს სცემთ, თილისმა ორმაგ ძალას შეიძენს და მასაც წარმატებას მოუტანს.
ყოველთვის გახსოვდეთ, ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ან გატყდეს, მათ შორის, თილისმაც. ეს არ უნდა გახდეს პანიკის მიზეზი, რომ იღბალმა ზურგი შეგაქციათ. უფრო სწორი იქნება, გაიაზროთ, რომ ალბათ, ცვლილებების პერიოდი დადგა და დროა თქვენს პრიორიტეტებს გადახედოთ!
თამთა გურული
ამავე თემაზე: თუ გინდათ ფული მოიზიდოთ – ნუმეროლოგიის მაგია
არასდროს თქვათ ეს ფრაზები, ისინი ფულს „აფრთხობენ“
რა (არ) უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად – 7 „ჯადოსნური“ ნივთი
კომენტარები