ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

„მეგონა შემჭამა და გადამყლაპა“ – ვეშაპმა ახალგაზრდა კაცი „დააგემოვნა“ და უკან გადმოაფურთხა (ვიდეო)

ჩილეში, მა­გე­ლა­ნის სრუ­ტე­ში კუზიანმა ვეშაპმა ახალგაზრდა კაცი გადაყლაპა, თუმცა ამ უკანასკნელს იონა წინასწარმეტყველივით არ დაუყვია ვეშაპის მუცელში 3 დღე და ღამე.  წყლის უზარმაზარმა ძუძუმწოვარმა მამაკაცი „დააგემოვნა“, მაგრამ მალევე უკან გადმოაფურთხა. ახალგაზრდა კაცმა წყლიდან უვნებლად ამოყვინთა. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.

ინციდენტი 8 თებერვალს მოხდა. 24 წლის ადრიან სიმანკას ჯეიმსი, ვენესუელელი კომპიუტერების ტექნიკოსი პატაგონიის სანაპიროსთან მსუბუქი ნავით, კაიაკით მიცურავდა, რო­დე­საც უზარმაზარმა ვეშაპმა წყლი­დან ამოყვინთა და ახალ­გაზ­რდა კაცი გა­დაყ­ლა­პა. მო­მენ­ტი შემ­თხვე­ვით ადრიანის მა­მა­მ, დელ­მა გადაიღო, რო­მე­ლიც შვილს უკან მიჰყვებოდა.

„ვიგ­რძე­ნი ლორ­წო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხეს ეხე­ბო­და და უცნაური ხმები მესმოდა. მეგონა, რაღაცამ შემჭამა და გადამყლაპა. ვიფიქრე, რომ მკვლე­ლი ვე­შა­პი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ცოტა ხნით ადრე სწო­რედ ამ ვე­შა­პებ­ზე ვსაუბრობდით, მაგ­რამ როცა უკან გა­მო­მიშ­ვა, მივ­ხვდი, რომ უბ­რა­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე იყო და ჩემ­თან ურთიერთობას ცდი­ლობ­და“, – გა­ნა­ცხა­და მან BBC-ს ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან გა­მო­ცე­მა BBC Mundo-სთან ინტერვიუში.

ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც ახალგაზრდა კაცის მამამ, დელ სიმანკასმა გადაიღო, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ისმის, როგორ მოუწოდებს იგი შვილს, სიმშვიდე შეინარჩუნოს.

კუზიანი ვეშაპი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ზღვის სახეობაა. ის მსოფლიოს ყველა ოკეანეში ცხოვრობს და ათასობით კილომეტრზე მიცურავს მთელი წლის განმავლობაში. მამრი ვეშაპის სიგრძე საშუალოდ 15 მეტრს აღწევს, ხოლო მდედრები 19 მეტრამდე იზრდებიან. ორივე სქესის წონა 30-დან 40 ტონამდეა, ზოგჯერ კი მაქსიმუმ 48 ტონას აღწევს. ისინი, ძირითადად, პლანქტონებით, მცენარეებითა და თევზებით იკვებებიან. ამ სახეობის ვეშაპებს ვიწრო ყელი აქვთ, ამიტომ ადამიანის ზომის სხეული ძნელად თუ აღწევს კუჭს.

ინგლისელმა ოკეანოგრაფმა სუზანა ბუკენმა, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევს ვეშაპებს, ამ თავდასხმაზე ისაუბრა: „რა თქმა უნდა, ეს ვეშაპი მაგელანის სრუტეში საკვების მოპოვებაზე იყო კონცენტრირებული და შემთხვევით გადაყლაპა ეს ადამიანი, რომელიც კაიაკით მიცურავდა. შემდეგ კი უკან გადმოაფურთხა, რადგან, რა თქმა უნდა, ვეშაპები არ არიან ადამიანების მტაცებლები, ისინი აგრესიულები არ არიან. ფაქტობრივად, მათ არ აქვთ უნარი, გადაყლაპონ რაღაც ისეთი დიდი ზომისა, როგორიც ადამიანია. საბედნიეროდ, ამ კაცს არაფერი დაშავებია“, – განმარტა სპეციალისტმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ თავის კომენტარში.

ჩილეს სანაპიროზე ადამიანებზე ვეშაპების პირდაპირი თავდასხმა იშვიათია. პირიქით, ბოლო წლებში ვეშაპისებრთა სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნება. ეს დიდი ძუძუმწოვრები მუდმივად ხდებოდნენ სატვირთო გემებთან შეჯახების მსხვერპლი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათი ნაპირზე გამორიყვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close