ისააკ ნიუტონის წინასწარმეტყველება: როდის დადგება სამყაროს დასასრული დიდი მეცნიერის გამოთვლებით?
ნიუტონს მიაჩნდა, რომ სამყაროს დასასრული ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს უკავშირდება, მათ შორის, არმაგედონთან ბრძოლას, სადაც ერთმანეთს სიკეთის ძალები ბოროტების ძალებს შეეჯახებიან
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/niutoni.jpg)
სერ ისააკ ნიუტონმა, სახელოვანმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა, რომელიც ცნობილია თავისი კანონებით მოძრაობასა და გრავიტაციაზე, 1704 წელს ჩაატარა გამოთვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ სამყაროს დასასრული 2060 წელს დადგება. მან თავისი ეს დასკვნა 300 წელზე მეტი ხნის წინათ ფურცელზე დაწერა მათემატიკურ გამოთვლებთან ერთად. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.
ნიუტონს სჯეროდა, რომ სამყაროს დასასრული დაკავშირებული იყო ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან, მათ შორის, არმაგედონის ბრძოლასთან, სადაც სიკეთის ძალები (ღმერთის მეთაურობით) შეეჯახებიან ბოროტ ძალებს (დედამიწის მეფეების მეთაურობით). მან თავისი გამოთვლები დააფუძნა ბიბლიურ ტექსტებზე, კერძოდ, გამოცხადების წიგნსა და დანიელის წიგნზე.
როგორ გამოთვალა ნიუტონმა სამყაროს დასასრულის თარიღი?
მეცნიერმა ე. წ. „წინასწარმეტყველური პრინციპი“ გამოიყენა, რომლის თანახმადაც, ერთი ბიბლიური დღე ერთ წელს შეესაბამება. წმინდა წერილში ნახსენები 1260 დღის პერიოდისგან დაშორებით, იგი ეძებდა იმ ისტორიულ მოვლენას, რომელიც ათვლის წერტილი შეიძლებოდა ყოფილიყო. ნიუტონი შეჩერდა ჩვენი წელთაღრიცხვის 800 წელზე – წმინდა რომის იმპერიის შექმნის თარიღზე, დაუმატა 1260 წელი და მიიღო 2060 წელი.
თუმცა ის გაფრთხილებას იძლეოდა, რომ მეტისმეტი სპეკულირება სამყაროს დასასრულის თემაზე არ შეიძლება: „ქრისტე მოვა, როგორც ქურდი ღამით“ და არავინ იცის ზუსტი დრო.
იყო თუ არა ნიუტონი ბოლომდე დარწმუნებული, რომ სამყაროს დასასრული 2060 წელს იქნება?
თავისი გამოთვლების მიუხედავად, ნიუტონი ეჭვობდა, რომ 2060 წელი შესაძლოა ზუსტი თარიღი არ ყოფილიყო.
„ის [სამყარო] შესაძლოა უფრო გვიან დასრულდეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ უფრო ადრე დასრულდეს“, – წერია წერილში.
ნიუტონი არა მარტო ფიზიკასა და მათემატიკას სწავლობდა, არამედ თეოლოგიური კვლევებითაც იყო დაკავებული. იგი ბიბლიური ტექსტების გაშიფვრას და მათში დაფარული კანონზომიერებების პოვნას ცდილობდა, თუმცა მისი მიდგომა მომავლის წინასწარმეტყველების მიმართ არა რთულ მათემატიკურ გამოთვლებს, არამედ მარტივ არითმეტიკას ეფუძნებოდა.
მეცნიერების ისტორიის პროფესორის, სტივენ სნობელენის თქმით, ნიუტონი არ იყო „მეცნიერი“ ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, არამედ უფრო „ნატურფილოსოფოსი“, რომელიც მეცნიერებას, ისტორიასა და რელიგიას შორის კავშირის პოვნას ცდილობდა.
მეცნიერების სამყაროში ნიუტონის დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, მისი გამოთვლები ეფუძნებოდა ბიბლიურ ტექსტებს და არა მეცნიერულ მონაცემებს. მისი ინტერესი სამყაროს აღსასრულისადმი უფრო თეოლოგიური იყო, ვიდრე მეცნიერული, თუმცა ის ფაქტი, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი ცდილობდა აპოკალიფსის თარიღის დადგენას, ამ თემას მისტიკურ ინტრიგას მატებს.
თამთა გურული
p. s. თანამედროვე ისტორიაში კაცობრიობამ უკვე გაიარა რამდენიმე „სამყაროს დასასრული“, რომელიც რელიგიისა და მეცნიერების სხვადასხვა წარმომადგენელმა იწინასწარმეტყველა.
აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თარიღია 2012 წლის 21 დეკემბერი. ამ დღეს უნდა მომხდარიყო გლობალური კატაკლიზმი და „მსოფლიოს ფუნდამენტური ტრანსფორმაცია“. ამ პროგნოზს მესოამერიკულ მაიას ცივილიზაციას მიაწერდნენ.
არაერთი ასეთი წინასწარმეტყველების მიუხედავად, აპოკალიფსი ჯერჯერობით არ დამდგარა, თუ, რა თქმა უნდა, აპოკალიფსად არ ჩავთვლით იმას, რაც ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში ხდება.
კომენტარები