
თურქეთის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სააგენტო (AFAD) იძლევა გაფრთხილებას, რომ ეგეოსის ზღვაში გახშირებულმა მიწისძვრებმა შესაძლოა თურქეთში დამაზიანებელი შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა, მაგ., ცუნამი. თურქეთის ზოგიერთ რეგიონში განგაშის მობილური სისტემები დამონტაჟდა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეგეოსის ზღვაში მუდმივი ბიძგებია. ეგეოსის ზღვაში მიწისძვრების გახშირების მოსალოდნელმა შედეგებმა, როგორიცაა: ძლიერი მიწისძვრა, ცუნამი ან ვულკანის ამოფრქვევა – შესაძლოა თურქეთამდეც მიაღწიოს“, – აცხადებს AFAD.
ამის გამო აიდინში, მუღლასა და იზმირში მობილური სირენები დამონტაჟდა, რათა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული. გარდა ამისა, სააგენტომ გააძლიერა კოორდინაცია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურებს შორის.
AFAD-ის ცნობით, თურქეთში ცუნამის მოლოდინში არიან და სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, ეგეოსის ზღვაში ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრებიდან თურქეთთან ყველაზე ახლო 140 კმ-ის დაშორებით იყო.
„რეგიონში აქტივობის შედეგად, რომელმაც „სეისმური შტორმის“ ფორმა მიიღო, 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, 3 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრების რაოდენობამ 761-ს მიაღწია. მიწისძვრები ძლიერდება კუნძულ სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 25 კმ-ზე და მათი კერის სიღრმე 5-დან 25 კმ-მდე მერყეობს. ჩვენი ქვეყნის სანაპიროებთან ყველაზე ახლოს მიწისძვრა 140 კმ-ის მანძილზე მოხდა“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მიწისძვრები კონცენტრირებულია ვულკან „კოლომბოს“ მიდამოში, რომელსაც წყალქვეშა კრატერი აქვს. კრატერი კუნძულ სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 6,5 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ ეგეოსის ვულკანური კუნძულის რკალში მდებარეობს.
თურქეთის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სააგენტოს განმარტებით, რეგიონში მიმდინარე სეისმურმა პროცესებმა შეიძლება ვულკანური აქტივობაც გამოიწვიოს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები