ქართველები უცხოეთშისპორტი

ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო – რა თანხა გამოიმუშავა დებიუტანტმა

ალექსანდრე თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.

დაპირისპირება UFC 312 Qudos Bank Arena-ზე, სიდნეის ოლიმპიურ პარკში გაიმართა. ამ ბრძოლისთვის მზადებისას ალექსანდრე თოფურიას ჩემპიონები – საკუთარი ძმა ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და გურამ ქუთათელაძე ეხმარებოდნენ.

29 წლის ალექსანდრე თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.

შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველი მარცხია, აქამდე მან 7 ორთაბრძოლა მოიგო.

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ინტერვიუერთან ისაუბრა.

„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება ან დამტკიცება მსურდა, უბრალოდ, მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ – ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩემი პრინციპებისთვის“, – განაცხადა ალექსანდრემ ბრძოლის შემდეგ.

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ დღევანდელ ბრძოლაში

Sporty salaries-ის ინფორმაციით, თავის სადებიუტო ორთაბრძოლაში თოფურიამ საშუალოდ 78 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. უფრო კონკრეტულად, ამ თანხიდან UFC 312-ის საბაზო ჰონორარი 12 000 დოლარს შეადგენს, სპონსორული შემოსავალი 4 ათასი დოლარია, საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობა კი – 50 ათას დოლარამდე. ამას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილიც.

ძმები ვარჯიშის, მომზადებისა და ბრძოლის დროს ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან – პირველი ბრძოლის დროს ალექსანდრეს რჩევებს ილია აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში ამ ეტაპზე ექვსი ქართველი მებრძოლია, მათ შორის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მერაბ დვალიშვილი ფლობს, ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი კი ალექსანდრე თოფურიას ძმა, ილია თოფურიაა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემპიონის ტიტულის დაცვის ბრძოლით ილია თოფურიამ 2.44 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან თოფურიამ 750 000 დოლარი ბრძოლისთვის, 100 000 დოლარი გამარჯვებისთვის, 42 000 დოლარი სპონსორებისგან, 50 000 დოლარი ბონუსის სახით, ხოლო 1.5 მლნ დოლარი სატელევიზიო შემოსავლებიდან მიიღო.

დაკავშირებულ თემაზე: ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, მან მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close