
აღმოსავლური ჰოროსკოპი პირდაპირ კავშირშია მთვარის კალენდართან, ამიტომ გველის წელი დაიწყო არა 2025 წლის 1-ელ იანვარს, არამედ 29 იანვარს დაიწყება და დასრულდება არა დეკემბრის ბოლო დღეს, არამედ გაცილებით გვიან, 2026 წლის 16 თებერვალს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გველი, არამედ ხის გველია – ენერგიული, მოხერხებული და კრეატიული. თუ გსურთ მისი მბრძანებლობის პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენოთ, დაგეგმეთ ამ წელს დიდი საქმეები!
როგორ მუშაობს ჩინური კალენდარული სისტემა
ამ კალენდარში ყოველი წელი გარკვეულ ცხოველთან ასოცირდება: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. ეს ცხოველები მონაცვლეობენ და ქმნიან 12-წლიან ციკლს.
გარდა ამისა, ჩინური კალენდარი იყენებს ხუთი სტიქიისგან შემდგარ სისტემას: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი. ყოველი წელი ცხოველს ამ ხუთიდან ერთ-ერთ ელემენტს უკავშირებს და ეს კომბინაცია 60-წლიან ციკლს ქმნის. მაგალითად, თუ, ზოგადად, გველის წელი ყოველ 12 წელში ერთხელ მეორდება, კონკრეტულად ხის გველის წელი ყოველ 60 წელიწადში ერთხელ დგება.
გველის წლის დადგომამდე სასურველია ყველაფერი ძველი, დაზიანებული და არაფრის მომცემი მოიცილოთ. ეს ეხება ნივთებსაც, ადამიანებსაც და საქმეებსაც.
რის ჩუქება არ არის რეკომენდებული ჩინურ ახალ წელს
ჩინური ტრადიციის მიხედვით, არსებობს მთელი რიგი ნივთებისა, რომლებიც საახალწლოდ არასდროს უნდა აჩუქოთ. მაგალითად, ქოლგა და ნებისმიერი ბასრი საგანი, რომელიც განშორების ნიშანია, ხოლო პირსახოცები, ყვითელი ქრიზანთემები და ნებისმიერი თეთრი ყვავილი დაკრძალვის ატრიბუტია და, შესაბამისად, სიკვდილთან ასოცირდება. ასევე, ზოგიერთი ნივთი შეიძლება უარყოფით ასოციაციას იწვევდეს მათი ჟღერადობის გამო.
საათი – ჩინურად ფრაზა „საათის ჩუქება“ ისევე ჟღერს, როგორც „დაკრძალვის მოწყობა“.
ოთხი ელემენტისგან შემდგარი სასაჩუქრე ნაკრები – რიცხვი „ოთხი“ ჩინურად ისევე ჟღერს, როგორც სიტყვა „სიკვდილი“.
ფეხსაცმელი – „ფეხსაცმლის ჩუქება“ ჟღერს, როგორც განშორება. გარდა ამისა, ფეხსაცმლის ჩუქება მიანიშნებს, რომ ადამიანი თავის გზას უნდა დაადგეს და ამით დაასრულოს მჩუქებელთან ურთიერთობა და მეგობრობა.
ვისი „მეგობარია“ გველი
ჩინური ტრადიციის მიხედვით, ჩინურ ჰოროსკოპში გველის წელი წარმატებას მოუტანს ხარის, კურდღლის, თხის, მაიმუნის წელში დაბადებულებს. ვირთხის, ცხენის და დრაკონის წლებში დაბადებულებმა მეტი სიბრძნე და თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინონ. ეს ეხება არა მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობებს, არამედ რომანტიკულ კავშირსაც. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ საერთო ენის პოვნას წლის მმართველთან. მთავარია არ მოატყუოთ იგი: გველი არ გაპატიებთ არც ბოროტებას და არც ღალატს!
რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წლისგან
გველს ხშირად მოაქვს გარკვეული მღელვარება და ცვლილებები. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საზიანო, რასაც განსაცდელები და კატაკლიზმები მოჰყვება. მსგავსი მოვლენები, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია წლის პირველ და მესამე კვარტალში. ამ დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჯანმრთელობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე. დანარჩენი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ სრულად დატკბეთ ცხოვრებით.
შანსები 2025 წლისთვის
დაიმახსოვრეთ გველის ტაქტიკა: ჩვეულებრივ, მშვიდია, მაგრამ როცა მიზნის მიღწევა სჭირდება, ელვისებურად მოქმედებს! თქვენც ასე მოიქეცით. ახლა გექნებათ შანსი, რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ხელსაყრელი პერიოდია ახალ სამსახურში, ასევე, ახალ ბინაში გადასვლისთვის.
ეს წელი კარგი პერიოდია დაოჯახებისთვის და შვილების გასაჩენად.
უმჯობესია თავი აარიდოთ კონფლიქტების პროვოცირებას. დაიმახსოვრეთ, ხანდახან ლოდინით და მოთმინებით გაცილებით მეტს მიაღწევთ!
თამთა გურული
ამავე თემაზე: 2025 წლის ჰოროსკოპი: რას მოიტანს წლის სიმბოლო – მწვანე ხის გველი
რომელი ფერები მოიზიდავს იღბალს 2025 წელს – ასტროლოგის რჩევები
კომენტარები