იტალიაში ქართველი მომვლელი ქალები დააკავეს ყალბი დოკუმენტების ფლობისათვის
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით 19 ქართველი მომვლელი ქალი (იტ. ბადანტე) დააკავეს. Ansa-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 52 ადგილას ჩაატარეს ჩხრეკა 12 სხვადასხვა პროვინციაში. დაკავებები ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია, რომელსაც უდინეს პროკურატურა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახორციელებს.
საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც კოორდინაციას უდინეს პროკურატურა უწევს, ბოლო თვეებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავ უწყებებში შემოსავლების სააგენტოების ტერიტორიული სამსახურებიდან შევიდა ცნობები, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ძირითადად, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის, პირადობის მოწმობებს იყენებდა. ამ დოკუმენტების წარდგენა ქალებს საშუალებას აძლევდათ, მიეღოთ საგადასახადო კოდი (იტ. codice ficale).
ამ გზით ისინი იტალიაში ლეგალურად მუშაობის უფლებას იღებდნენ და ევროკავშირის მოქალაქეების იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით სარგებლობდნენ. ისინი სხვადასხვა პროვინციაში მიდიოდნენ, სადაც უფრო ადვილად პოულობდნენ სამუშაოს.
ჩატარებული მასშტაბური ოპერაციების შედეგად ამოღებულია 36 ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ძირითადად, სლოვაკური და ამდენივე საგადასახადო კოდი. 19 ქალი ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის დააკავეს, მათგან 6 – პორდენონეში, 4 – ვენეციაში, 3 – ბოლცანოში, 2 – პისტოიაში, 1 – ვარეზეში, 1 – ბელუნოში, 1 – ლეჩეში და 1 – ლატინაში, ხოლო 17 სხვა პირი იმავე დანაშაულისთვის სასამართლო ორგანოებში მიიყვანეს.
გამოძიება გრძელდება. გამომძიებლების ვარაუდით, არსებობს კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაცია, რომელიც ყალბ დოკუმენტებს საზღვარგარეთ ამზადებს და დაახლოებით 600 ევროდ ყიდის მსურველებზე.
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში იმ ქართველ მომვლელ ქალებს, რომლებსაც იტალიაში ლეგალურად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე. წ. პერმესო) არ აქვთ, ქვეყანას დაატოვებინებენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები