„ნაპოლის“ გულშემატკივარი კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიშს უხდის – „ნინა, იქნებ ეს წერილი კვარას ყურამდე მივიდეს!“
იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა, ermes.tv-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინა მამუკაძე-სორდინიმ წერილი მიიღო „ნაპოლის“ იტალიელი გულშემატკივრისგან, რომელიც სთხოვს ნინას, მისი წერილი კვარას ყურამდე მივიდეს.
„ ჩვენ ის [ხვიჩა კვარაცხელია] ძალიან გვიყვარს, ეს განშორება ორი შეყვარებულის განცალკევებას ჰგავს. ამ ამბავს ჩვენ ასე ძალიან იმიტომ განვიცდით, რომ თბილი, სენტიმენტალური, სიყვარულით სავსე ხალხი ვართ. მინდა ბოდიში მოვუხადო მას, თქვენ და ყველა ქართველს იმ ცუდი სიტყვებისთვის, რომელიც ამ დღეებში გაჟღერდა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში და შესაძლოა თქვენიც, როგორც ხალხის წინააღმდეგ. ასევე ბოდიშს ვიხდი ისეთი ცუდი ჟესტისთვის, როგორიც იყო კვარას გამოსახულების ნაგვის ურნაში გადაგდება…“ – წერს გაეტანო კორბიზიერო.
გთავაზობთ წერილს სრულად, რომელიც ნინა მამუკაძე-სორდინიმ იტალიურიდან ქართულად თარგმნა და ermes.tv-ზე გამოაქვეყნა.
„გამარჯობა, ნინა, დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ თქვენს საქმიანობას, ხვიჩას „ნაპოლიში“ გადმოსვლიდან, მალევე აღმოვაჩინე თქვენი გვერდი. მე „ნაპოლის“ გულშემატკივარი ვარ, ნეაპოლში არ ვცხოვრობ, კამპანიის რეგიონიდან ვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ერთგვარი შიშით და შეშფოთებული ვადევნებდი თვალს კვარასა და ნაპოლის „განშორების“ ამბებს, ძალიან მტკივნეული ეტაპი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ მჯერა, ასევე მისთვისაც. მოვისმინე თქვენი განცხადებები და ვიდეო ამ თემაზე, უნდა ვთქვა, ამან, ამ ყველაფერში ყველაზე მეტად დამაფიქრა ხვიჩას ვიდეოსთან ერთად მარადონას მურალესის წინ, სადაც მკლავებს შლის. მე ეს ვიდეო ასე გავიგე, თითქოს ხვიჩას უნდოდა ეთქვა – „მშვიდობით, დიეგო, მე მივდივარ ჩემზე დიდი მიზეზების გამო“.
არ მინდა მიზეზებზე შევჩერდე, ეს არის ის, რაც რეალურად ეხება ხვიჩას და, უპირველეს ყოვლისა, სპორტულ კლუბებს, რამდენად მძიმე გავლენასაც არ უნდა ახდენდეს ეს მიზეზები გულშემატკივრებზე. მიზეზი, რის გამოც ამ წერილს გწერთ, სხვაა. მინდა ჩემი ხვიჩას მიმართ სიყვარულზე მოგიყვეთ, რაც ალბათ დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავდა ის ჩემთვის და ჩვენთვის – „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის.
პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ბავშვობაში ფეხბურთი დიდად არ მიყვარდა. წარმოიდგინეთ, როდესაც დიდი დიეგო „ნაპოლიში“ იყო, მე არც კი ვქომაგობდი. ჩემმა 19 წლის შვილმა, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, შემაყვარა ფეხბურთი და „ნაპოლი“ დაახლოებით ათი წლის წინ.
მთავარზე გადავალ!
როგორც ვთქვი, „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარი გავხდი. ამ გუნდის ქომაგობა არც ისე ადვილია, რადგან სამხრეთიდან ვართ, ჩრდილოეთის დიდ კლუბებთან შედარებით ხშირად დაუცველები ვართ რიგი მიზეზების გამო. პრესა, ტელევიზია და მსაჯობა ხშირად არ გვწყალობს. რა თქმა უნდა, არ მინდა ამაზე ტირილი, რადგან ახლახან მოვიგეთ ასე სასურველი მესამე სკუდეტო. ეს იყო დიდი ემოცია და მადლობა ღმერთს, რომ შევძელი ამას მოვსწებოდი. ეს ყველაფერი დიდწილად თქვენი პატარა დიდი თანამემამულის, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, ისევე როგორც ოსიმენისა და დანარჩენი გუნდის. როგორ სიამოვნებას მანიჭებდა კვარას თამაშის ყურება, ელეგანტური სტილი, ცოტა ჯიუტი თავის უამრავ დრიბლინგში, მაგრამ ეს იყო სწორედ მისი თამაშის განსაკუთრებულობა… ცოტა რომანტიკული, მოწინააღმდეგეს თითქოს დუელში იწვევდა და ამ დუელის მოგებას ბოლომდე ცდილობდა. თითქოს ერთობოდა და თავადაც სიამოვნებას იღებდა ამ პროცესით… კვარავაჯოს ასისტები, კვარადონას ულამაზესი გოლები, ლეგენდარული დრიბლინგი ატალანტას წინააღმდეგ, როდესაც მიწაზე დასვა რამდენიმე მეტოქე და ლამაზი დარტყმით აიღო კარი. მახსენდება სხვა არაერთი სანახაობა და ეს ყველაფერი ფანტასტიკური იყო! ეს იყო ნამდვილი სასწაული ჩემთვის და ვფიქრობ, სხვა ბევრი გულშემატკივრისთვისაც, რადგან მას ხომ თავიდან არავინ იცნობდა… სერიოზული, თავშეკავებული, უბრალო, ტრადიციული ბიჭი, სანდო სახით, მაგრამ ძლიერი, როგორც ავთენტური სახალხო გმირი, ამ ტერმინის კლასიკური გაგებით, რომელიც პირდაპირ გულში იჭრება.
ყოველთვის, როცა ის თამაშობდა, მის სანახავად უფრო ვუყურებდი თამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხარია, როცა მთელი გუნდი კარგად თამაშობს და იგებს, მაინც ძალიან ვნერვიულობდი ხოლმე, როცა ცვლიდნენ. აშკარად ისიც ღიზიანდებოდა. ბევრი გულშემატკივრის მსგავსად, მეც ვისურვებდი, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო “„ნაპოლიში“, რათა უფრო მეტი გამორჩეული სანახაობა ეჩუქებინა ჩვენთვის, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი კარგი, ესეც ადრე თუ გვიან უნდა დამთავრებულიყო.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეწყინა მისი გადაწყვეტილება „ნაპოლიდან“ წასვლის შესახებ. ფეისბუქზეც დავწერე მკაცრი კომენტარები, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი. მისი და თქვენი ვიდეოს ნახვის შემდეგ, საოცრად სათუთი გრძნობა გამიჩნდა. ძალიან მიყვარს კვარა და მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ბევრი ფულია, საბოლოო ჯამში, ფული საჭიროა, მაგრამ არაფერია. ის ტრაგედია რაც ვნახეთ. იმიტომ იყო, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, ეს განშორება ორი შეყვარებულის განცალკევებას ჰგავს. ამ ამბავს ჩვენ ასე ძალიან იმიტომ განვიცდით, რომ თბილი, სენტიმენტალური, სიყვარულით სავსე ხალხი ვართ. მინდა ბოდიში მოვუხადო მას, თქვენ და ყველა ქართველს იმ ცუდი სიტყვებისთვის, რომლებიც ამ დღეებში გაჟღერდა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში და შესაძლოა თქვენიც, როგორც ხალხის წინააღმდეგ. ასევე ბოდიშს ვიხდი ისეთი ცუდი ჟესტისთვის, როგორიც იყო კვარას გამოსახულების ნაგვის ურნაში გადაგდება. ეს იყო სულელური და უსარგებლო ჟესტები. როგორც თავმდაბალმა კაცმა, მინდა ხვიჩას ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო, მადლობა გადავუხადო იმ სანახაობრივი თამაშისთვის, რომელიც მან გვაჩუქა. მინდა ვუთხრა, რომ გავაგრძელებ მის ყურებას სადაც არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ვნახავ მის არაჩვეულებრივ პერფორმანსებს, თუნდაც სხვა გუნდში. ვფიქრობ, ჩემსავით „ნაპოლის“ ათასობით გულშემატკივარია. ნინა, ძალიან გამიხარდება, თუ ამ წერილს მას მიაწვდით. ეს შეიძლება იყოს მისთვის ძალიან სასარგებლოც ამ დელიკატურ მომენტში. ასევე იმედი მაქვს, რომ პარიზის გულშემატკივრები ისევე შეხვდებიან და შეიყვარებენ მას, როგორც ჩვენ, მაგრამ მაშინაც კი, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნდა იცოდეს, რომ მას ყოველთვის ვყავართ ჩვენ და თქვენ, ქართველი ქომაგები. ჩვენ ის გვიყვარს, ძალიან გვიყვარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ნინა, და დიდ სითბოს გიგზავნით თქვენ და ხვიჩას!“
„ნაპოლის“ გულშემატკივარი გაეტანო კორბიზიერო
კომენტარები