მსოფლიოპოლიტიკა

რატომ შეიცვალა ტრამპის ინაუგურაციის ადგილი და რა ღირს ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები

20 იანვარს დონალდ ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო ფიცს მეორედ დადებს და 47-ე პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. მეტეოროლოგების პროგნოზით, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვა, -11 გრადუსია მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც, ასევე, კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.

ცნობილია, რომ ცერემონიას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ინაუგურაცია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება. მასზე დასასწრებად მისული ათობით ათასი ადამიანის შესამოწმებლად რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მაღალი ღობე და შესამოწმებელი პუნქტებია დამონტაჟებული, მობილიზებულია 25 ათასი სამართალდამცავი.

ვაშინგტონის სამთავრობო უბნის დიდი ნაწილი, თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმამდე დაახლოებით 3 კილომეტრი, საავტომობილო მოძრაობისთვის დაიკეტება. შესასვლელები ბეტონის ბარიერებით, ნაგვის მანქანებითა და სხვა მძიმეწონიანი საგნებით გადაიკეტება.

სპეციალური ოფისების მეშვეობით, მოქალაქეებმა 220 000-ზე მეტი ბილეთი მიიღეს. ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა სპეციალურ ვებგვერდზეც იყო შესაძლებელი. ბილეთებს გადამყიდველებიც ყიდიან.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ადგილების ღირებულება 2-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს, იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან და რა რაკურსით სურს დამსწრეს ოფიციალურ ცერემონიას უყუროს.

საშუალო ფასის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციაზე დასასწრები ძვირად ღირებული პაკეტებიც არსებობს, რომლებიც  25 000-დან 1 მილიონ დოლარამდე ღირს.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციისთვის შემოწირულებების ოდენობამ 9 იანვრისთვის 170 მლნ-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ შეგროვებული შემოწირულება საბოლოოდ 200 მლნ-ს გადააჭარბებს, რითაც იგი 2016 წელს თავის მიერვე დამყარებულ რეკორდს (107 მლნ დოლარი) მოხსნის. ცნობისათვის, 4 წლის წინ ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის  62 მლნ დოლარამდე შემოწირულება შეგროვდა.

ისინი, ვინც ოფიციალურ დასასწრებ ბილეთს ვერ მიიღებენ, ცერემონიის ყურებას, ათიათასობით სხვა მაყურებელთან ერთად, ეროვნული სავაჭრო ცენტრის დიდ ვიდეოეკრანებზე, პირდაპირ ეთერში შეძლებენ.

ტრამპის ინაუგურაციას ესწრება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ვაშინგტონში 17 იანვარს ჩავიდა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი (AP) იტყობინება, ტრამპმა მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერი მიიწვია.

ცერემონიაზე დასწრების მიწვევა მიიღო ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა, თუმცა პარასკევს, 17 იანვარს ჩინეთის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება, რომ მის ნაცვლად აშშ-ში მისი მოადგილე ხან ჩჟენი ჩავა.

სააგენტოს კომენტარით, ადრე არცერთი ქვეყნის ლიდერი არ ჩასულა აშშ-ში ოფიციალურად პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, მხოლოდ უცხოელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა და პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია. პირველად დაესწრება ცერემონიას იაპონიის წარმომადგენელი – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კამალა ჰარისი დაამარცხა და მეორედ დაიკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს (პირველად მან 2016 წელს გაიმარჯვა და 45-ე პრეზიდენტი გახდა).

დონალდ ტრამპი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის $6.7 მილიარდის ქონებას ფლობს, რითაც იგი მილიარდერების რეიტინგში 472-ე ადგილზეა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close