9 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა – ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სულის შემძვრელი ტრაგედიისას დაღუპულ 5 პატარა გოგონას დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
„მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში (გალის რაიონი), საცხოვრებელ სახლში საბედისწერო ხანძარი, რომელსაც ჭოლარიების სოციალურად დაუცველი ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, 5 იანვარს, დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ბებია და 5 შვილიშვილი იმყოფებოდნენ. დაღუპულია 5-ვე გოგონა – ანა-მარია, ელენე, ემილია, სოფიო და ნია ჭოლარიები. მათგან ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე პატარა – 8 თვის. ბებიამ მძიმე დამწვრობა მიიღო, თუმცა გადარჩა.
ბავშვები ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან საახალწლო არდადეგებზე ჩაიყვანეს მშობლებმა, რომლებიც ტრაგიკული შემთხვევის დროს მათთან ერთად არ იმყოფებოდნენ – არსებული ინფორმაციით, ბავშვების დედა ავად იყო და რუხის საავადმყოფოში იწვა, მამა კი იმ დილით წავიდა მის სანახავად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინის ავზი ინახებოდა, რომელიც აფეთქდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. მეზობლების თქმით, ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. ბენზინი აფეთქდა, ხის პატარა სახლს ცეცხლი წამებში მოედო და 15 წუთში ყველაფერი დაიწვა. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დების გადარჩენა ვერ მოხერხდა – ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას საზარელი, სისხლის გამყინავი სურათი დახვდათ – სრულად დამწვარი სახლი და დაღუპული ბავშვები.
დაშავებული ბებია თავდაპირველად რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი – ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მას სახესა და მხარზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, ექიმების შეფასებით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაბილურია.
მომხდარმა მთელი საქართველო შეძრა. უმძიმესი ტრაგედიის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები