მსოფლიოპოლიტიკაnews

გარდაიცვალა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი, რომელიც ერთი საუკუნის წინათ დაიბადა

29 დეკემბერს გარდაიცვალა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი (ჯეიმზ) კარტერი, რომლის ასაკიც ზუსტად 100 წელი და 90 დღე იყო. კარტერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, ქალაქ ფლეინსში (ჯორჯიის შტატი), სადაც 1924 წლის პირველ ოქტომბერს დაიბადა.

ჯიმი კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. იგი, აგრეთვე, იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.

კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება; კარტერმა შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები, თუმცა უკმაყოფილებას იწვევდა მისი ეკონომიკური პოლიტიკა. კარტერი, ასევე, ფართოდ გააკრიტიკეს 1979 წელს ირანში მძევლების კრიზისის გამო, რომლის დროსაც ათობით ამერიკელი 444 დღის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ ირანელ რევოლუციონერებს, რომლებიც თეირანში აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ. ისინი აღშფოთებულები იყვნენ ამერიკის მთავრობის მიერ ირანის ავტორიტარული მმართველის, შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, კარტერი მეორე ვადით აღარ აირჩიეს – იგი 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან დამარცხდა.

ამის შემდეგ ჯიმი კარტერი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. მან პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, 1982 წელს დააარსა „კარტერის ცენტრი“ – არაკომერციული ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის პროფილით. ამ საქმიანობისთვის 2002 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.

ჯიმი კარტერი ამერიკის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც 100 წლის ასაკს მიაღწია. იგი კიდევ ერთი მაჩვენებლით არის რეკორდსმენი: ექსპრეზიდენტის სტატუსი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ჰქონდა – 43 წლისა და 344 დღის განმავლობაში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close