ეგვიპტეში ზვიგენი ადამიანებს თავს დაესხა, დაიღუპა ევროკომისიის თანამშრომელი
ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა. დაღუპული ევროკომისიის თანამშრომელი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომელიც ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა, ტრაგიკული ინციდენტი 29 დეკემბერს მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე, მყვინთავებში პოპულარული საკურორტო ქალაქის – მარსა-ალამის ჩრდილოეთით.
ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა „ღრმა წყალში, საცურაო ზონის მიღმა“.
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP) კი იუწყება, რომ ტურისტები იტალიის მოქალაქეები იყვნენ, დედაქალაქ რომიდან: 48 წლის მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, 69 წლის მამაკაცი დაშავდა. ANSA-ს ცნობით, გარდაცვლილია ჯანლუკა დი ჯოი, რომელიც ევროკომისიის თანამშრომელი იყო. მას 21 დეკემბერს 48 წელი შეუსრულდა. იგი ეგვიპტეში ოჯახთან ერთად ისვენებდა შვებულების დროს.
მამაკაცი ევროკომისიაში გაერთიანებულ კვლევით ცენტრში (JRC) მუშაობდა, რომელიც მეცნიერებისა და ცოდნის საკითხებზეა ორიენტირებული.
ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, ორივე ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს პორტ-გალიბიში, მარსა- ალამიდან ჩრდილოეთით, 48 კილომეტრის დაშორებით.
შესაბამისი უწყებების დაპირებით, მარსა-ალამში საცურაო ზონას დახურავენ და მომხდარს გამოიძიებენ.
ზვიგენების კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად ადამიანთა სიკვდილის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო შემთხვევა 2023 წლის ივნისში მოხდა ჰურგადასთან ახლოს, როდესაც 23 წლის რუსი მამაკაცი დაიღუპა.
ამავე თემაზე: ეგვიპტის კურორტზე ზვიგენმა 23 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა – შოკის მომგვრელი ვიდეო
კომენტარები