დღის თემაპოლიტიკასაქართველო

„საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა​“ – „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში დაკავებულთა წამებაზეც არის საუბარი

„პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების მხრიდან მათი პასუხისმგებლობის დაყენების უუნარობა მიუთითებს, რომ მათ ან ნება დართეს, ან თვალი დახუჭეს ძალადობაზე“

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch) შეფასებით, საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, „პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა გამოიყენეს​“.

„ფართომასშტაბიან და აშკარად სადამსჯელო ქმედებებში უსაფრთხოების ძალები დასდევდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ დემონსტრანტებს. პოლიცია ასევე აწამებდა და სხვაგვარად არასათანადოდ ეპყრობოდა მათ პოლიციის მანქანებსა და პოლიციის განყოფილებებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ თორმეტამდე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც პოლიციის ძალადობას გადაურჩნენ. მათი თქმით, მიიღეს სხვადასხვა ტრავმები: ტვინის შერყევა, ცხვირზე, სახის ძვლებზე, ნეკნებსა და კიდურებზე მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ჰქონდათ ნაკაწრები და სილურჯეები მთელს სხეულზე.

„პოლიციელები სპეცრაზმის აღჭურვილობას ატარებდნენ ან იყვნენ შავ ნიღბებში, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს წაუყენა ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და გაასამართლა ისინი ზედაპირულ სასამართლო პროცესებზე, მაშინ როცა არ გადადგა ეფექტური ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად“, – აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.

როგორც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკისმომგვრელია.

„აშკარად შურისძიების ხასიათს ატარებს და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების მხრიდან მათი პასუხისმგებლობის დაყენების უუნარობა მიუთითებს, რომ მათ ან ნება დართეს, ან თვალი დახუჭეს ძალადობაზე“, – განაცხადა ჰიუ უილიამსონი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, „მიუხედავად იმისა, რომ იყო იზოლირებული შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები პოლიციის ძალადობის საპასუხოდ ისროდნენ წყლის ბოთლებს და ფოირვერკებს, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი რჩებოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მრავალჯერ იყო გადაჭარბებული და არაპროპორციული“.

ანგარიშის მიხედვით, სპეცრაზმმა, ისევე როგორც სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, ასევე სცემეს ოპოზიციური მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მედიის მუშაობას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტთა ასოციაციამ ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების წინააღმდეგ ძალადობისა და ჩარევის 70-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი, დაიწყო გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ძალადობის გამოყენებით და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის“ შესახებ, მაგრამ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ამასობაში განაცხადა, რომ მედლებით დააჯილდოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მათი როლის გამო. ამ თანამდებობის პირების დაჯილდოება გამოძიების მიმდინარეობისას მიუთითებს, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის ვალდებულების უგულებელყოფაზე “, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთმა გამოძიებებმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მეთაურების პასუხისმგებლობაც.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიებები არჩევნების შემდგომ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემონსტრანტების ცემისა და ძალადობის ავტორიზებასა და განხორციელებაზე. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის.

ლევან ახალაია

1tv.ge

p. s. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, 2028 წლამდე არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. უკვე 27-ე დღეა, იმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მარშები პროფესიული კუთვნილებებისა თუ საქართველოს მხარეების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც ბოლოს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან იყრიან თავს. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close