ჯანმრთელობარჩევები

„ძილი სუპერძალაა, რომელსაც თანდათან ვკარგავთ“ – ძილის საკითხების ექსპერტი

ძილის ნაკლებობა აუარესებს ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, ემოციურ მდგომარეობას და პროდუქტიულობას. დოქტორ ეგეას განმარტებით, „ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძილის საათების საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული“.

ძილის დარღვევების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და მათი თავიდან ასაცილებლად, მილიონობით ადამიანი მედიკამენტებს მიმართავს. ბენზოდიაზეპინების, როგორც ანქსიოლიტიკის და ანტიდეპრესანტის მოხმარების მასშტაბით, ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში. „ძილი სუპერძალას ჰგავს და ჩვენ მას ვკარგავთ“, – განმარტა ჯგუფ Alianza Por El Sueño-ს („ძილის ალიანსი“) კოორდინატორმა და Fesmes-ის („ესპანეთის ძილის მედიცინის საზოგადოებების ფედერაცია“) პრეზიდენტმა, კარლოს ეგეამ RNE-თან ინტერვიუში.

ექსპერტების შეფასებით, ესპანელების 6-დან 14 პროცენტამდე ქრონიკულ უძილობას განიცდის. შექმნილი მდგომარეობის მიზეზების და რისკ-ფაქტორების შესასწავლად, Alianza por el Sueño-მ დააარსა ობსერვატორია, რომელიც საჭირო მონაცემებს აგროვებს.

„მოსახლეობის 60%-ს ძილი აკლია“

ძილის ნაკლებობა აუარესებს ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, ემოციურ მდგომარეობას და პროდუქტიულობას. გარდა ამისა, ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ, როგორც დოქტორმა ეგეამ განმარტა, შეიძლება „უძილობა წარმოშვას და ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გახდეს“. „დღეს ყველა ვიღვიძებთ ისე, რომ ძილის ნაკლებობას ვგრძნობთ. ესპანეთის მოსახლეობის თითქმის 60%-ს საკმარისად არ სძინავს, განსაკუთრებით კვირა ღამიდან ორშაბათის დილამდე პერიოდში“, – ამბობს ძილის საკითხების ექსპერტი.

ყველაზე ცუდი მაინც კვირა-ორშაბათის ღამეა, რაც იმის შედეგია, რომ მთელი კვირის განმავლობაში სოციალურ ჯეტლაგს განვიცდით – „თითქმის არავის სძინავს შვიდიდან ცხრა საათამდე, ანუ იმდენი, რამდენსაც ჩვენ გირჩევთ“. ამიტომ, ობსერვატორიის ერთ-ერთი ამოცანაა, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ძილი „სუპერძალას ჰგავს, რომელსაც თანდათან ვკარგავთ“. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ ძილი, რადგან ეს ადამიანის ინტელექტუალური და ფიზიკური აღდგენის საშუალებაა“, – აცხადებს ძილის დარღვევების სპეციალისტი.

ძილის ნაკლებობის შედეგები

ძილის ნაკლებობის შედეგებზე საუბრისას, დოქტორმა ეგეამ აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ „ძილის ნაკლებობის შემთხვევაში, თქვენი პარტნიორი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, გარდა ამისა, ცხოვრებასაც უფრო ნეგატიურად უყურებთ“.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ძილის საათების საერთო რაოდენობა „სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება, ანუ რაც ნაკლები გვძინავს, მით უფრო მოკლეა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა“.

დღეს დაახლოებით ექვსი მილიონი ესპანელი უძილობის წამლებს იღებს. ეგეას შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. „უნდა ვიცოდეთ, რომ უძილობა არა მხოლოდ პრობლემა, არამედ ამ პრობლემის მკურნალობის შედეგიცაა“, – ამბობს ის.

„ამ ყველაფერს ერთი პრობლემაც ემატება – ჩვენ უძილობას ცუდად, უკონტროლოდ, ისეთი წამლების დახმარებით ვმკურნალობთ, რომელთა გამოყენება არა უმეტეს ოთხი კვირის განმავლობაშია მისაღები, ჩვენ კი მათ 40 წელი ვიყენებთ“, – განმარტავს ძილის საკითხების ექსპერტი. თუმცა, ის, ზოგადად, ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.

 rtve.es

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close