ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პარლამენტმა“ რუსეთთან შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პარლამენტმა“ რუსეთთან საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რატიფიკაციის წინააღმდეგ ხმა მისცა 22-მა ე. წ. „დეპუტატმა“, ერთმა კი თავი შეიკავა.
კენჭისყრის დროს „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილნი იყვნენ ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც ე. წ. „დეპუტატებისგან“ მოითხოვდნენ, არ დაეჭირათ მხარი დოკუმენტისთვის.
30 ოქტომბერს ამ „შეთანხმებას“ მოსკოვში ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრემიერმა, ე. წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
15 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე. წ. „პარლამენტს“ შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა, მაგრამ ოპოზიციამ, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა, არეულობა მოაწყო. ასობით მომიტინგემ აიღო სამთავრობო შენობების კომპლექსი, მათ შორის, ე. წ. „პარლამენტის“ შენობა, ისინი ე. წ. „პრეზიდენტის“ გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიჭრა.
ბჟანიას ადმინისტრაციამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტს ე. წ. „პარლამენტიდან“ უკან გაიხმობდა „სიტუაციის სტაბილიზაციის“ მიზნით.
საპროტესტო აქციების შედეგად თანამდებობიდან გადადგნენ აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია და ე. წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრ ანქვაბი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ რუსული კომპანიები დაიწყებენ ბინების მშენებლობას აფხაზეთში, რაც საცხოვრებლის ფასების ზრდას გამოიწვევს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკას, რის გამოც შემდგომში შეიძლება დაზარალდეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკურ კრიზისს თან ახლავს ბრალდებები კორუფციასა და სუსტ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მზარდი დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობებში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დომინანტურ პარტნიორად განიხილავს. გაურკვეველია რუსეთთან შეთანხმების და რეგიონის შიდა სტაბილურობის მომავალიც.
ვადამდელი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია პროტესტის ფონზე გადადგა
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია პროტესტის ფონზე გადადგა
კომენტარები