სკანდალი თესალონიკის მეტროს ლოგოტიპის გამო – 30 000 ევრო პირდაპირი შესყიდვით უბრალო „M“-ში
მოქალაქეებს ეჭვი გაუჩნდათ, ლოგო „მთვრალმა ხელოვნურმა ინტელექტმა ხომ არ შექმნა“
თესალონიკის მეტროსთვის პირდაპირი შესყიდვის შედეგად არჩეული ლოგო ნამდვილ პოლიტიკურ სკანდალად იქცა – წრეში ჩასმული მარტივი მოხაზულობის „M“, რომლის დახატვა ქაღალდზე რამდენიმე წამში შეიძლება, ბიუჯეტს 30 000 ევრო დაუჯდა.
პასუხისმგებელი პირები არ განმარტავენ, როგორ მოხდა, რომ ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული ორი კონკურსისა და მრავალი ტენდერის შემდეგ თესალონიკის მეტროს ვიზუალური იდენტობა 30 000 ევროდ შეფასდა, ხოლო საბოლოოდ Ελληνικό Μετρό-მ ერთ-ერთ გრაფიკულ კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა.
თესალონიკის მეტროს ლოგოტიპს კრიტიკითა და სატირულ-ირონიული შეფასებებით შეხვდა მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები.
„თესალონიკმა, გემების, ნავების და მარადიული ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქმა, როგორც იქნა, მიიღო ლოგო თავისი მეტროსთვის. და რა ლოგო! ბიზანტიური ხელნაწერი „M“-ით შთაგონებული დიდებული „მ“, როგორც პასუხისმგებელმა მინისტრმა გვაცნობა, წრეში ჩასმული, რომელიც 30 000 ევრო დაჯდა. ნახატი, რომელმაც მოქალაქეებს ეჭვი გაუჩინა, ეს თესალონიკის მეტროს ლოგო იყო თუ მთვრალი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რაღაც.
„ბიზანტიურმა “μ”-მა, იმ შრიფტის მსგავსმა, რომელსაც ჩვენი ექვსი წლის ბავშვები იყენებდნენ ნახატებში, როდესაც თავიანთ ოჯახს ხატავდნენ, დედას და მამას პატარა კაცუნების სახით, სოციალურ მედიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მთელი საბერძნეთიდან სწრაფად გააკეთეს კომენტარები და დაწერეს საკუთარი ვერსიები, თუ რას უნდა ნიშნავდეს m, მეტროს გარდა… ზოგიერთებმა სხვადასხვა კომპანიის უკვე არსებული თითქმის იდენტური ლოგოტიპები მოძებნეს. კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლოგო 30 000 ევრო დაჯდა და თანხა პირდაპირი შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადაეცა ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც საკუთარი «μ» ვერ ცნობს“, – წერს menshouse.gr და ირონიულად დასძენს, რომ საყოველთაო აღშფოთების შესარბილებლად პასუხისმგებელ პირებს სჭირდებათ ვიღაც, ვინც ლოგოტიპის რედიზანს გააკეთებს ისე, რომ არ დაკარგავს ასო „მ“-ს და ბიზანტიურ გავლენას და იქვე საკუთარ რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, რომელთაგან ორს წარმოგიდგენთ. დანარჩენების პათოსსაც იოლად მიხვდებით.
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის, ქრისტოს სტაიკურასის თქმით, „რაც შეეხება ლოგოს, ყველას სუბიექტური ესთეტიკა აქვს…“ „Ελληνικό Μετρό-ს რომ თავიდან გამოეცხადებინა ტენდერი, არ იქნებოდა საკმარისი დრო ლოგოსთვის ანუ იდენტობისთვის“.
შეგახსენებთ, რომ თესალონიკის მეტრო 30 ნოემბრიდან დაიწყებს მუშაობას, როდესაც პირველი რეგულარული მარშრუტი შესრულდება.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: „ჩვენ ევროპა არ ვართ… ეს მაკედონიაა!“ – მცირე ინციდენტი, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს შეემთხვა საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე.
თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს
თესალონიკში მეტრო იხსნება – როდიდან შეძლებენ მგზავრები სარგებლობას და რა ეღირება ბილეთი (ვიდეო)
კომენტარები