მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში ჩააბრძანეს – ქართული გალობა და ქართული სიწმინდეები რომში (ვიდეო)
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის, ჩვენი დროის წმინდანის წმინდა ნაწილები იტალიაში ჩაბრძანდა. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ქართული სიწმინდეების ეს პირველი პილიგრიმული მოგზაურობაა.
რომში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში უკვე წლებია წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება. სწორედ ეს ადგილია ქართველი ემიგრანტების პატარა საქართველო და სწორედ აქ, საქართველოდან 3872 კილომეტრის დაშორებით, ჩააბრძანეს ჩვენი დროის წმინდანის ნაწილები.
მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე) პირველია, ვინც საბჭოთა ხელისუფლების დროს ბერად აღიკვეცა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ის წმინდანად 2012 წელს შერაცხა. ამის შემდეგ მისი საფლავი გაიხსნა და მამა გაბრიელი სამთავროს ტაძარში გადაასვენეს. სალოსი ბერის სხეული დღემდე უხრწნელია და მორწმუნეებს სწამთ, რომ სასწაულებრივი კურნების უნარი აქვს.
სიწმინდეების მოგზაურობა ფლორენციიდან დაიწყო, რომიდან კი ბარიში ჩააბრძანებენ.
გასულ კვირას სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა.
დალოცვა იმდენად ემოციური იყო, რომ „იმედის კვირა“ ქალბატონ ჯულიეტას სახლში ესტუმრა და წმინდანის ცხოვრებაზე, ოჯახზე, დედასა და გარემოზე მისი მონათხრობი ჩაიწერა.
კომენტარები