ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული (ვიდეო)
„ჩვენ შევეჩეხეთ უპრეცედენტო სიტუაციას, რომლის მსგავსი არავის ახსოვს“, - ვალენსიის რეგიონის პრეზიდენტი
ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. კოკისპირული წვიმებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი და ჩვილია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ვალენსიის რეგიონში.
ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ადგილობრივი მედიის პროგნოზით, „დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუმცა შეიძლება ასზე მეტი იყოს„“.
კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილია გზები, ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები. დაზარალებულ რეგიონებში შეფერხებით მუშაობს რკინიგზა, ვალენსიაში საერთოდ შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, ზოგიერთი მატარებელი წყალდიდობის გამო რელსებიდან გადავიდა. ვალენსიის აეროპორტში გაუქმდა ზოგიერთი რეისი და ზოგიც სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
150 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ძლიერი ქარის გამო, რომელმაც ელექტროსადენები დაგლიჯა.
ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა კარლოს მასონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა მასშტაბის მსხვერპლი მოჰყვა ბუნებრივ კატასტროფას. მისი თქმით, სტიქიის გამო სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. „ჩვენ შევეჩეხეთ უპრეცედენტო სიტუაციას, რომლის მსგავსი არავის ახსოვს“, – თქვა მასონმა.
ესპანელი მეტეოროლოგებიც ცნობით, 8 საათის განმავლობაში ვალენსიაში 491 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით წლიური ნორმის ტოლია.
ათობით ადამიანმა დახმარების მოლოდინში ღამე სატვირთო მანქანებსა და მსუბუქ ავტომობილებში, ასევე, შენობების სახურავებზე გაატარა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი ადამიანი ხეზე ასვლით ცდილობს თავის გადარჩენას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად ნგრევა და მსხვერპლია ბალეარის კუნძულებზეც.
ცენტრალურმა მთავრობამ კრიზისის კომიტეტის სხდომა მოიწვია. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ქვეყნის საგანგებო სამსახურები ასობით სამხედრო მოსამსახურესთან ერთად. განსაკუთრებით მიუდგომელ ადგილებში დაკარგულებს უპილოტო საფრენი აპარატებით ეძებენ.
ნანა ძნელაძე
კომენტარები