მსოფლიოეკონომიკა

ოქროს ფასმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ერთი უნციის ღირებულებამ პირველად გადააჭარბა 2700 აშშ დოლარს და, LMBA-ს პროგნოზით, ერთი წლის შემდეგ 2941 დოლარის დონეზე იქნება

გასულ კვირაში ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია – უნციამ პირველად გადააჭარბა 2700 აშშ დოლარს.

მოვლენების ამგვარი განვითარება, ექსპერტების აზრით, უპირველეს ყოვლისა, აიხსნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ესკალაციით, აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებთან ერთად. თუმცა, ამ მოვლენების მიუხედავადაც, ბოლო წლებში ოქროს ფასის ზრდის ტენდენცია აშკარად აღმავალი იყო. მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ფასი 30%-ით გაიზარდა. ძვირფასი ლითონების ბაზრის ლონდონის ასოციაციის (London Bullion Market Association – LMBA) ოპტიმისტური პროგნოზით, მომდევნო 12 თვეში ერთი უნცია ოქროს ფასი 2941 აშშ დოლარს მიაღწევს.

ამჟამად ოქროს ფასის „რბოლას“ მთელი რიგი ფაქტორი განაპირობებს – მიუხედავად იმისა, რომ აშშ დოლარი გამყარდა, ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. ეკონომიკურმა მონაცემებმა დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომამ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით გააძლიერა განაკვეთების შემცირების მოლოდინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ოქროს მიმზიდველობა გაზარდა. უფრო დაბალი გლობალური საპროცენტო განაკვეთები ამცირებს ამ ძვირფასი ლითონის ფლობის ალტერნატიულ ხარჯებს და შესაძლოა მისი ფასის შემდგომ ზრდას შეუწყოს ხელი.

London Bullion Market Association-ის ოპტიმისტური პროგნოზი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩაატარა გამოკითხვა, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს იდეას, რომ ოქროს ფასის ზრდა შესაძლოა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ასოციაციის პროგნოზით, ერთი უნცია ოქროს ფასი 12 თვის შემდეგ $2941-ის დონეზე იქნება.

ახლოვდება არჩევნები აშშ-ში და ისევ არსებობს გაურკვევლობა, ვინ იქნება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი. შესაძლოა ეს იყოს კიდევ ერთი მიზეზი, რომ ფინანსების უსაფრთხო „თავშესაფრის“ მიმზიდველობა იზრდება.

ნიკო აბაშიშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ოქროს შემოწმება – სამი უტყუარი ხერხი!

ოქროს შემოწმება – სამი უტყუარი ხერხი!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close