Victoria’s Secret-ის შოუში, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ქართველი მოდელიც მონაწილეობდა (ფოტო, ვიდეო)
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ Victoria’s Secret-ი პოდიუმზე დაბრუნდა სანახაობრივი ჩვენებით, რომელიც 2024 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართა. პირველად 2018 წლის შემდეგ, საკულტო ბრენდის ჩვენება ნაცნობი მოდელებით დაბრუნდა, როგორებიც არიან: ტაირა ბენქსი, ჯიჯი ჰადიდი, ადრიანა ლიმა, ირინა შეიკი და სხვები. შოუში დებიუტანტებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, 24 წლის მატილდა გვარლიანი – პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria’s Secret-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
პირველად გამოჩნდა ბრენდის პოდიუმზე ცნობილი ბრიტანელი მოდელი, 50 წლის ქეით მოსი, რომელიც სცენაზე ქალიშვილთან, ლილა მოსთან ერთად გამოვიდა. ქეითს შავი ქვედა საცვალი და ნაყშებიანი პენუარი ეცვა ბუმბულების შავი ფრთებით, ხოლო 20 წლის ლილას, რომელიც ბრენდის ამბასადორია და ადრეც გამოსულა „ვიქტორია’ს სეკრეტის“ საღამოზე, ნაზი ვარდისფერი ქვედა საცვალი ემოსა.
შოუს გახსნის პატივი ჯიჯი ჰადიდს ხვდა წილად.
საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი აგრძელებს საზოგადოების გაოცებას თავისი ეპატაჟური გამოსვლებით და მსოფლიო შოუების პოდიუმებზე გამოჩენით. ამჯერად 56 წლის სუპერმოდელი, რომელსაც სახის წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციისთვის აკრიტიკებენ, შოუზე შავი კორსეტით გამოჩნდა, მაქმანიანი გამჭვირვალე გამაშების და შესაფერისი მბზინავი ფრთების კომბინაციით.
ჰოლივუდის მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს რჩეული, იტალიელი მოდელი ვიტორია ჩერეტი პოდიუმზე კაშკაშა წითელ კომპლექტში გამოვიდა უბრეტელო კორსეტით. აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო მოდელის უჩვეულო, ერთმანეთში ქაოსურად გადახლართული სასაჩუქრე ატლასის ლენტებისგან შექმნილმა ფრთებმა.
ამერიკელი plus-size მოდელი ეშლი გრემი მოდების ჩვენებაზე მდიდრული მაქმანებიანი სამოსით, გრძელი გამჭვირვალე ხალათით და მაღალქუსლიანი ღია საზაფხულო ფეხსაცმლით გამოჩნდა. „ბოდიპოზიტივის“ აქტივისტმა კიდევ ერთხელ დაუფარავად გამოაჩინა მაყურებლის წინაშე თავისი ცელულიტები და სტრიები.
შოუს თან ახლდა მუსიკალური პერფორმანსები, მათ შორის, ისეთი ცნობილი მომღერლებისაც, როგორებიც არიან ლეგენდარული შერი და ლისა BLACKPINK-იდან. შერმა შეასრულა რემიქსი თავისი საკულტო ჰიტებისა – “Strong Enough” და “Believe”, ლისამ კი – რამდენიმე სიმღერა, მათ შორის, “Push 2 Start”.
ჩვენება დახურა ტაირა ბენქსმა, რომელიც შოუს ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა.
Victoria’s Secret-ის ბრენდის ახალი მიდგომა
2018 წელს რეიტინგის დაცემის და 2019 წელს შოუს გაუქმების შემდეგ ბრენდმა განაახლა თავისი ღირებულებები და ხედვა და აქცენტი გადაიტანა ინკლუზიურობასა და ყველა ქალის მხარდაჭერაზე. ამ გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა არა ყველასგან. მოდის ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ შოუ „ჩავარდა“.
პირველი ქართველი მოდელი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე
მატილდა გვარლიანი პოდიუმზე საკმაოდ თავდაჯერებულად გამოვიდა და ყველასგან გამოირჩეოდა არა მარტო მოდერნისტული, საინტერესო, Victoria’s Secret-ისთვის უჩვეულო Look-ით, არამედ ბუნებრივად ხალისიანი, ნათელი გამომეტყველებით. იგი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაყურებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კითხულობდნენ, ვინ არის გოგონა წინა კბილებს შორის დაშორებით. გარეგნობის ეს დამახასიათებელი შტრიხი, რომელიც მატილდას სავიზიტო ბარათად იქცა, მას განსაკუთრებულ შარმს სძენს.
აღსანიშნავია, რომ შოუს კასტინგში მატილდა გვარლიანის გარდა მეორე ქართველი მოდელი – ლიზა კობერიძეც მონაწილეობდა, თუმცა იგი ამჯერად არ აირჩიეს.
ნახეთ მატილდა გვარლიანის გამოსვლა ვიდეოში მე-19 წუთიდან.
ვინ არის ამჟამად Victoria’s Secret-ის მფლობელი?
ბრენდი როი რეიმონდმა დააარსა, ამჟამად კომპანიას აკონტროლებს ამერიკელი მილიარდერი ლესლი ვექსნერი. მან ასევე დააარსა ჰოლდინგი L Brands, რომლის ნაწილსაც Victoria’s Secret-ი წარმოადგენს.
ვინ არიან Victoria’s Secret-ის ანგელოზები?
2021 წლის ზაფხულამდე „ანგელოზები“ იყვნენ ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელები, რომლებიც მის პროდუქტებს წარადგენდნენ და შოუებში მონაწილეობდნენ. „ანგელოზები“ პირველად მეოთხე ყოველწლიურ შოუზე გამოჩნდნენ 1998 წელს. პირველები იყვნენ ტაირა ბენქსი, ჰელენა კრისტენსენი, კარენ მალდერი, სტეფანი სეიმური და დანიელა პეშტოვა.
რა განსხვავებაა Victoria’s Secret-ის მოდელსა და „ანგელოზს“ შორის?
„ანგელოზები“ მხოლოდ იმ მოდელებს შეიძლება ეწოდოთ, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ ბრენდთან და ამ სტატუსით მონაწილეობენ შოუში. დანარჩენი გოგონები პოდიუმზე მიწვეული მოდელები არიან და „ანგელოზის“ ტიტულს არ ფლობენ.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვა
დაკავშირებულ თემაზე: მილიონერი ლამაზმანები – THE SUN-მა მსოფლიოს უმდიდრესი სუპერმოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა
კომენტარები