მიგრაციაპოლიტიკაnews

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზოდ შესვლის რეჟიმი გააფართოვა – რა შეიცვალა?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ და ქვეყანაში უვიზოდ შესვლის და 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის უფლება მისცა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის, განათლების მიღების მიზნით“.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება № 873 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე და გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილება შევიდა 2023 წლის 10 მაისის N335 განკარგულებაში და  რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის, განათლების მიღების მიზნით“.

 

2024 წლის 10 ოქტომბრიდან ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეუძლიათ „პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის მოწმობა, საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი) საფუძველზე“.

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის მაისში გააუქმა და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის და 90 დღე დარჩენის უფლება მიეცათ.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას და ყოფნას საქართველოში: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ მათ სავიზო რეჟიმი დაუწესა, მაგრამ 2012 წლის 29 თებერვლიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის საფუძველზეც სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და მათ საქართველოში 90 დღით უვიზოდ შემოსვლის უფლება მისცა.

2015 წლიდან კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაფართოვდა და მათ ქვეყანაში ერთი წლით (365 ან 366 დღე – ნაკიან წელიწადში) დარჩენის უფლება მიეცათ. ერთი წლის შემდეგ თუ ისინი საქართველოს საზღვარს გადაკვეთენ და უკან დაბრუნდებიან, ახალი ერთწლიანი ვადის ათვლა დაიწყება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close