მსოფლიოსაქართველო

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

„მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის აპრილში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც გადაცვლას ექვემდებარება, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისთვის განმცხადებლებს მოუწევთ, ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალებების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close