მსოფლიოnews

ციკლონი „ბორისი“ ცენტრალურ ევროპას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობით ემუქრება

ცენტრალური ევროპა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობისთვის ემზადება, იუწყება BBC. გენუის ციკლონით – „ბორისით“ (რომელიც იტალიის ქალაქ გენუაში ფორმირდება) გამოწვეული სტიქია შესაძლოა შეეხოს ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონეთს,  გერმანიას… სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს და ქარიშხალს პროგნოზირებენ.

მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო პოლონეთში, სადაც მდინარეების დონემ სახიფათო ნიშნულამდე მოიმატა. პოლონეთის შს მინისტრ ტომაშ სემონიაკის თქმით, რთული მდგომარეობაა 4 მდინარესთან დაკავშირებით, სადაც პოტენციურად საჭირო გახდება ევაკუაცია და მდინარეები ზარალს მიაყენებენ რამდენიმე ქალაქს. პატარა ქალაქ გლუხოლაზიში (Glucholazy) მდინარის დონემ უსაფრთხო ნიშნულს 2 მეტრით გადააჭარბა და მდინარის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვროცლავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტები მოსალოდნელი წყალდიდობის გამო დროებით გათიშეს. ქალაქში უკვე შექმნილია კრიზისის მართვის შტაბი, სინოპტიკოსები 300 მმ-ზე მეტ ნალექს ელოდებიან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც წყალდიდობის საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგს დაესწრო, თქვა, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, 4 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს რუმინეთში, გალაცის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს. ათობით ადამიანი კი უსაფრთხოდ გამოიყვანეს თავიანთი სახლებიდან ქვეყნის 19 რაიონში.

ავსტრიაში ქვიშის ტომრებს უკვე ამზადებენ. მთებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და თოვლმა უკვე შეუქმნა პრობლემები მოგზაურებს. კანცლერ კარლ ნეჰამერის თქმით, ქვეყანა მზად არის, სტიქიასთან გასამკლავებელ ღონისძიებებში საჭიროების შემთხვევაში 1000-მდე ჯარისკაცი ჩართოს. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქ ვენაში.

უწყვეტ ძლიერ წვიმას ელოდებიან მოსაზღვრე ბავარიის მიწაზე (Freistaat Bayern), გერმანიაში.

ჩეხეთში შაბათს 38 რაიონში გამოცხადდა წყალდიდობის საფრთხის ყველაზე მაღალი დონე. წყლის რეზერვუარები დაცალეს.

უქმე დღეებზე მთელი ყურადღება გადატანილია ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მორავიაზე, სადაც 1997 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს 50 ადამიანი დაიღუპა.

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქ პრაღაში უკვე განათავსეს წყალდიდობის დამცავი ბარიერები, მოქალაქეებისთვის დაიკეტა სანაპიროები, დაიხურა ზოოპარკი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებენ, წყალდიდობამ ისეთი ზარალი მიაყენოს ქვეყანას, როგორც ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც სტიქიამ პრაღა ძლიერ დააზარალა. მეტროს დატბორვის, რეზინის ნავებით ადამიანების ევაკუაციის და პრაღის ზოოპარკში დახოცილი სპილოების მაშინდელი კადრები დღესაც ცოცხლად არის შემორჩენილი დედაქალაქის მკვიდრთა მეხსიერებაში. ამჯერად ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ წყალდიდობას წარმატებით გაუმკლავდებიან და ზარალს თავიდან აიცილებენ.

პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის ერთი მეტრის სისქის მძიმე ფოლადის ჭიშკარმა ჩაკეტა ეგრეთ წოდებული ეშმაკის არხი, იგივე ჩერტოვკა, წყლის ზოლი, რომელიც პრაღის ისტორიულ მალა სტრანას რაიონში მიედინება, სანამ კვლავ მდინარე ვლტავას შეუერთდება.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩეხეთში, იესენიკის მთებში 400 მმ-ზე მეტი რაოდენობის ნალექის მოსვლას ელოდებიან, საიდანაც წყალი მდინარე ოდრაში ჩაედინება, რომელიც, თავის მხრივ, პოლონეთისკენ მიდის და გზად რამდენიმე ქალაქს გაივლის. პრაღაში მდინარე ვლტავის ნაპირებს უკვე ამაგრებენ ქვიშით სავსე ტომრებით.

ჩეხეთში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ტყეებსა და პარკებში, რადგან სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლოა 100 კმ/სთ-ს (28 მ/წთ) გადააჭარბოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close