მსოფლიოსპორტი

საქართველოს ნაკრებმა პარიზის პარალიმპიადაზე ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა – აკაკი ჯინჭარაძე მესამე ადგილზე გავიდა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა და მედლის მოპოვება შეძლო –  აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) პარაწოლჭიმში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრების მედლების რაოდენობა 9-მდე გაზარდა.

ქართველმა პარასპორტსმენმა სამივე ცდა გამოიყენა (238, 244 და 250 კგ) და დაფიქსირებული შედეგის მიხედვით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გამარჯვებული ირანელი პარასპორტსმენი აჰმად ამინზადე გახდა, რომელმაც 263 კგ დაძლია (მან პირველ ცდაზე 253 კგ დააფიქსირა, მეორეზე – 258 კგ, რაც უკვე ჰყოფნიდა ჩემპიონობისთვის, თუმცა მესამე ცდა მაინც გამოიყენა და 263 კგ დაძლია). მეორე ადგილი კი 251 კგ-ით უკრაინელმა ანტონ კრიუკოვმა დაიკავა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების 14 წევრმა სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა და 9 მედალი მოიპოვა (ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო).  ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა – ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარაწოლჭიმელი აკაჯი ჯინჭარაძე, პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველო მედლების რაოდენობით საერთო ჩათვლაში 50-ე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩინეთი გავიდა 220 მედლით (94 ოქრო, 76 ვერცხლი და 50 ბრინჯაო); მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია: 124 (49 + 44 + 31); მესამეზე – აშშ: 105 (36 + 42 + 27).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close